კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

პოკერი... სამგურალმა გაგრას მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. წყალტუბოს სამგურალი ორი ბურთის სხვაობით აგებდა გაგრასთან, მაგრამ ლევან კუტალიას პოკერით 4:2 მოიგო. 

სამგურალი 4:2 გაგრა

ამ ტურამდე სამგურალი ერთი ქულით უსწრებდა გაგრას, ახლა კი ოთხით გაუსწრო. გუნდები, შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილზე არიან. 

გაგრა მე-18 წუთისთვის ორი ბურთით იგებდა. ჯერ გიორგი ხარებაშვილმა გამოიყენა გია ნადარეიშვილის კარგი პასი და სეზონსი თავისი მეცხრე გოლი გაიტანა.

მალევე, გაგრელთა ნახევარმცველმა გიორგი ლომთაძემ სოლო-გოლი მიითვალა. რამდენიმე მცველს გასცდა და ტექნიკური დარტყმით 0:2 გახადა ანგარიში.

ამის მერე დაიწყო ლევან კუტალიას ბენეფისი. 35 წლის ფორვარდმა ოთხი გოლი გაიტანა და სამგურალში, სადაც ზაფხულში გადავიდა, უკვე 8 გოლი მოუგროვდა.

კუტალიამ ჯერ ჯეფერსონ ჯერალდოს ჩაწოდების მერე თავურით შეამცირა სხვაობა, მეორე ტაიმში კი კიდევ სამი გოლი დაამატა: ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ დაბალ კუთხეში დაარტყა და 2:2.

მერე იყო ჟან კარლოსის მოპოვებული პენალტი, რასაც კუტალიას მესამე გატანილი მოჰყვა. 78-ე წუთზე კი ლევანმა ტექნიკური დაბალი დარტყმით წერტილი დასვა - 4;2. ეს იტალიელი რუდოლფო ვანოლის პირველი გამარჯვება იყო სამგურალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.