კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

დაძაბულობა... იბერია 1999 და ტორპედო წინ მიდიან

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დაიწყო და ორი მატჩი გაიმართა. ცხრილის ზედა ოთხეულში მყოფმა გუნდებმა ითამაშეს. საშინაო გამარჯვებები... ლიდერმა იბერია 1999-მა გორის დილას მოუგო, ხოლო ქუთაისის ტორპედომ დინამო ბათუმს აჯობა.

იბერია 1999 3:2 დილა 

ლიდერმა კვლავ მოიგო. ეს იბერიელთა ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა, აი დილა კი ზაფხულის შესვენების შემდეგ ისე ძლიერად ვეღარ გამოიყურება. დილა მესამეზეა და 8 ქულით ჩამორჩება იბერია 1999-ს.

პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა. ბოლო წუთებზე გიორგი კოხრეიძემ პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა. კოხრეიძემ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წლეულს მე-15 გოლი გაიტანა. აღვნიშნოთ, რომ არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი ასე დანიშნა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა დილას ფლანგელმა შემტევმა გიორგი გაფრინდაშვილმა მარჯვნიდან, საკმაოდ შორიდან დაარტყა, თბილისელთა მეკარე გიორგი მაკარიძეს ხელიდან გაუვარდა ბურთი და 1:1. გაფრინდაშვილის პირველი გოლი სეზონში.

რამდენიმე წუთში მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ, კომბინაციას მოჰყვა დილას მეკარე დავით კერესელიძის კარგი თამაში და მოგერიება, მაგრამ ოთარ მამაგეიშვილმა ზუსტად დაამატა. ეს ოთარის მეექვსე გოლია სეზონში.

70-ე წუთზე დილამ მეორედ გაათანაბრა, კერძოდ, ირაკლი ბუღრიძემ ცაციით შეასრულა.

თუმცა მალევე იბერია 1999-მა მესამედ გაიტანა და კვლავ წინ გავიდა: შეიკნე სილა წააქციეს, ამას მოჰყვა კიდევ ერთი პენალტი და ამჯერად იური ტაბატაძემ მიითვალა გოლი - 3:2. სხვათა შორის, მეკარე კერესელიძე ამჯერადაც შეეხო ბურთს, მაგრამ გოლისგან ვერ იხსნა გუნდი...

ტორპედო 1:0 დინამო ბთ 

ტორპედომ სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის გოლით მოიგო. ეს ნინკოვიჩის მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში.

77-ე წუთი იყო, როცა სერბმა მარცხნიდან ჩააწოდა თუ დაარტყა. იქ ბიორნ იონსენმა ხელი შეუშალა მეკარე ლუკა ხარატიშვილს და ბურთიც კარში შევარდა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, იმავე ნინკოვიჩს თავისუფალი დარტყმა აუღო ხარატიშვილმა.

ორი წაგების მერე, ტორპედომ სამ შეხვედრაში შვიდი ქულა აიღო და ლიდერ იბერია 1999-ს სამი ქულით ჩამორჩება. დინამო ბათუმი კი მეოთხეზეა და 10 ქულით ჩამორჩება მესამეზე მყოფ გორის დილას.