კალენდარი

პარასკევი, 1 ნოემბერი

შაბათი, 2 ნოემბერი

პარასკევი, 8 ნოემბერი

შაბათი, 9 ნოემბერი

კვირა, 10 ნოემბერი

ახალი ამბები

კონფერენციის ლიგა: სამივე ქართულ გუნდზე...

როგორ ითამაშეს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართულმა გუნდებმა? სამივე შემთხვევაში ორბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა... ერთი მოგება, ორი მარცხი. ეს ჯერ პირველი ტაიმებია, საპასუხო თამაშებში გადაწყდება ყველაფერი. 

დინამო ბათუმი - დეჩიჩი (მონტენეგრო) 0:2

გოლები: 0:1 კამაი (62), 0:2 კამაი (66)

დინამო ბთ: რიკარდო სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი (მარა 57), ღუდუშაური (ტამბედუ 66), გომისი, ბლესა (მუჯირი 76)

დინამო ბათუმმა მონტენეგროს ჩემპიონ ტუზის დეჩიჩთან შინ 0:2 წააგო. ბათუმელებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერა და ვერ გამოიყენეს. მარტო ონორე გომისს შეექმნა იმდენი მომენტი, რამდენიც მთლიანად დეჩიჩს არ ჰქონია.

მეორე ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში კი ილერ კამაიმ ჯერ თავურით, მერე კი ახლოდან დასწრებაზე დარტყმით ორი გოლი გაიტანა.  

იბერია 1999 - პარტიზანი (ალბანეთი) 2:0

გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31 პენ), 2:0 სილა (57)

იბერია: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, ნონიკაშვილი (დადიანი 90+6), იზო მამაგეიშვილი (ჯავი 90+6), ტაბატაძე (გეგუჩაძე 84), კოხრეიძე (მამაცაშვილი 79), სილა (სიხარულიძე 85)

იბერია 1999-მა თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე 2:0 სძლია ალბანურ პარტიზანის, რომელიც ორი წლის წინ გამოთიშა ასევე კონფერენციის ლიგიდან. და იმედია, ახლაც ასე მოხდება. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ამისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

პირველ ტაიმში შოთა ნონიკაშვილმა პენალტით დააწინაურა იბერია. პენალტი კი გიზო მამაგეიშვილის წაქცევას მოჰყვა, მანამდე კი გიორგი კოხრეიძის ჭკვიანური პასია გამოსარჩევი.

ალბანელები მეორე ტაიმის საწყის წუთებში ათი კაცით დარჩნენ არინალდო რაპაის გაძევების გამო. ამას კი მალე მოჰყვა მეორე გოლიც: კოხრეიძის პასი, გიორგი ჯინჯოლავას ჩარბენა, გადაცემა და მალელი შეიკნე სილას გატანილი.

2:0. ყველა შემთხვევაში, ალბანეთში სრული კონცენტრაციითაა თამაში საჭირო.

ომონია (კვიპროსი) - ტორპედო 3:1

გოლები: 1:0 კულიბალი (41), 1:1 იანსანე (75), 2:1 კულიბალი (78), 3:1 ევანდრო (84)

ტორპედო: კლიაიჩი, მჭედლიშვილი (ვარლეი 46), სანდოხაძე, ნადარაია, მონტეირო (ბიძინაშვილი 72), სახო, გიგაური (ფაცაცია 72), ელიტონ ჟუნიორი(იანსანე 55), ნინკოვიჩი (შერგელაშვილი 90+2), პირესი, იონსენი

ქუთაისის ტორპედომ ნიქოზიაში ორი ბურთის სხვაობით წააგო ომონიასთან, არადა, 75-ე წუთზე 1:1 იყო...

პირველი ტაიმის ბოლოს მალელმა მცველმა სენუ კულიბალიმ თავურით გაუტანა ქუთაისელებს. ტორპედო თამაშში აჰყვა მასპინძლებს, თამამად წავიდა შეტევებზე, ცოტნე ფაცაცია-ბიორნ იონსენ-მომო იანსანეს კომბინაციას კი გოლი მოჰყვა: გვინეელმა იანსანემ ტორპედოში დებიუტი ასეთი მნიშვნელოვანი გოლით აღნიშნა.

თუმცა რამდენიმე წუთში კულიბალიმ კიდევ ერთხელ დააწინაურა ტორპედო, რასაც ომონიას კიდევ ერთი გოლი მოჰყვა: ევანდრომ ტექნიკურად შეასრულა - 3:1. ტორპედოს გასვლის შანსი აქვს.