კალენდარი

პარასკევი, 8 ნოემბერი

შაბათი, 9 ნოემბერი

კვირა, 10 ნოემბერი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ახალი ამბები

ექვსგოლიანი მატჩი დავით პეტრიაშვილზე, ფრე გორში და გაგრას მოგება ბათუმში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა. ვნახეთ ამ სეზონის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა: იბერია 1999-მა და ტორპედომ 3:3 ითამაშეს. გაგრამ სტუმრად 1:0 მოუგო მოქმედ ჩემპიონ დინამო ბათუმს, დილა-სამგურალი კი 1:1 დასრულდა. საინტერესოა, რომ ზედა ოთხეულში მყოფმა ვერცერთმა გუნდმა ამ ტურში ვერ გაიმარჯვა. 

დილა 1:1 სამგურალი 

გორის დილამ შინ ფრედ დაასრულა მატჩი წყალტუბოს სამგურალთან და მეორე ადგილზეა. სამგურალი კი მერვეზე.

სტუმრები ბრაზილიელმა შემტევმა ჟან კარლოსმა დააწინაურა. ეს მისი პირველი გოლია საქართველოში... პირველი ტაიმის ბოლოს დილას გაუძევეს ანგოლელი მცველი ანტონიო ლოპესი. ბოლო იმედის ჯარიმა იყო, გიორგი ფანცულაია არ გაუშვა მეკარესთან პირისპირ. არბიტრმა ჯენერი ხორავამ ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა ლოპესს, მერე კი VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა.

დილამ მეორე ტაიმში ათი კაცით მაინც მოახერხა გათანაბრება, კერძოდ, ნიდერლანდური გათამაშებით: ტაირელ ვაუტერის პასს მოჰყვა კიფონ ლაიდსმანის გატანილი. ორივე ნიდერლანდელი შეცვლაზე შევიდა...

დილას რვამატჩიანი წაუგებელის სერია აქვს.

დინამო ბთ 0:1 გაგრა

მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა შინ 0:1 წააგო გაგრასთან, რომელიც ამ ტურამდე ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი მეცხრეზეა.

ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გავიდა. 35 წლის მათე ვაწაძემ, რომელიც სწორედ ბათუმიდან გადავიდა გაგრაში, მშვენიერი გოლი გაიტანა: ერთი მცველი ჩამოიშორა და ტექნიკურად დაარტყა. ვაწაძემ ბათუმელთა საპატივსაცემოდ გოლი არ აღნიშნა.

გაგრას ამ სეზონში ორი გამარჯვება აქვს და ორივე სტუმრად: სამტრედიაში და ახლა ბათუმში.

იბერია 1999 3:3 ტორპედო

ექვსგოლიანი მატჩი თბილისის დავით პეტრიაშვილის სტადიონზე... ლიდერი იბერია 1999 მე-5 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა. ჯერ ირაკლი კომახიძემ გაიტანა ახლოდან დასწრებაზე, მერე კი გიორგი ჯგერენაიამ თავით გადაგზავნა ბურთი კარში. ორივე გოლი მცველმა. და ორივესთვის ეს სადებიუტო გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ტორპედომ მაინც გამოავლინა ხასიათი და პირველ ტაიმში ფელიპე პირესმა შეამცირა სხვაობა. კარგი კომბინაცია, ჟორჟინიოს პასი და 2:1.

მე-60 წუთზე კი სუპერგოლი შემოგვთავაზა საბურთალოს შემტევმა გიორგი კოხრეიძემ. შორიდან უძლიერესი დარტყმით ათიანში. ეს კოხრეიძის მეექვსე გოლია სეზონში.

ტორპედომ თამაშის გადარჩენა და ქულის აღება მოახერხა: ჯერ გიორგი არაბიძემ პენალტით სეზონში თავისი მეხუთე გოლი მიითვალა, ბოლოს კი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა თამაშგარის ზღვარზე მოახერხა გატანა - 3:3. იონსენი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირია 7 გოლით.

იბერია 1999 ლიდერობს, ხოლო ტორპედო - მეოთხე ადგილზე.

3:3 ამ სეზონში პირველად დაფიქსირდა. და ექვსგოლიანი მატჩიც პირველად ვნახეთ (ყველაზე უხვგოლიანია წლეულს).

მატჩის დაწყებამდე ლევან საგინაშვილმა (ჰალკმა) საჩემპიონო ქამარი წარადგინა სტადიონზე. სტამბოლში გაიმართულ მკლავჭიდელთა East vs West ტურნირზე, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.