კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

ტური 33: ვინც აგებდა, იმან მოიგო...

დასრულდა კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 33-ე ტური. გაგრა საბურთალოსთან აგებდა და ბოლო წუთებზე ორი გოლი გაიტანა - 2:1. სამგურალი კი ორჯერ მარცხდებოდა ლიდერ დინამო ბათუმთან და 3:2 გაიმარჯვა. ანუ, ორივე შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ვინც აგებდა, იმან მოიგო...

გაგრა 2:1 საბურთალო 

გაგრა 88-ე წუთამდე აგებდა საბურთალოსთან, მაგრამ 2:1 იმარჯვა.

საბურთალომ სწრაფი გოლი გაიტანა, კერძოდ, შეიკნე სილამ გამოიყენა გიორგი კოხრეიძის დაფარული პასი, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ეს სილას მე-12 გოლია სეზონში, თუმცა ორთვენახევრის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი.

პირველივე ტაიმში მალელმა სილამ დუბლის შანსი გაუშვა ხელიდან: პენალტი მოიპოვა, თავადვე დაარტყა და ოლექსანდრ ვორობეიმ მოიგერია...

ბოლოს კი თამაშის ბედი სხვაგვარად გადაწყდა. 88-ე წუთზე გაგრას 19 წლის შემტევმა საბა ზოიძემ შორიდან დარტყმით გაათანაბრა, ეს ზოიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ბრაზილიელმა კლაუდინეიმ ასევე შორიდან ზუსტი დარტყმით გაუტანა ლაზარე კუპატაძეს და 2:1.

გაგრა მერვე ადგილზეა და მეშვიდეზე მყოფ თელავს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. საბურთალო კი მეხუთე პოზიციაზეა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონატში სამი ტურია არ მოუგია, თუმცა დავით ყიფიანის თასის ფინალშია გასული.  

სამგურალი 3:2 დინამო ბთ

წყალტუბოს სამგურალი ორჯერ აგებდა ლიდერ დინამო ბათუმთან, მაგრამ მაინც მოიგო - 3:2. სამგურალი მეექვსეზე რჩება, ბათუმელები კი ამჟამად 6 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან დინამო თბილისს.

ბათუმელები პირველივე წუთზე, კონკრეტულად 26-ე წამზე დააწინაურა პაატა ღუდუშაურმა, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ტაიმის შუაში ალექსანდრე ვერულიძემ გაათანაბრა, თუმცა მალევე ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა ირაკლი ბიძინაშვილის კარგი პასის შემდეგ - 1:2.

შესვენების შემდეგ, პირველივე წუთებზე უკვე სამგურალმა გაიტანა, კერძოდ, შეცვლაზე შესულმა დავით მაისაშვილმა გაათანაბრა ანგარიში.

მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კი სამგურალმა კონტრშეტევაზე გატანილით მოიგო. შეცვლაზე შესულებმა ითამაშეს კარგად: შარბელ გომესის გარღევვასა და პასს მოჰყვა ნიკა კალანდარიშვილის ჩახვეული დარტყმა და 3:2.