კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

ბათუმელებმა ლიდერობა გაიმყარეს; დილამ ბრძოლა დაძაბა; შუქურამ გამარჯვების გემო გაიხსენა

 

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის სამი მატჩი. დინამო ბათუმმა სამტრედიაში გამარჯვებით ლიდერობა გაიმყარა; დილამ გორში საბურთალოს სძლია და მესამე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა; აუტსაიდერმა შუქურამ კი ზუსტად ხუთთვიანი შესვენების მერე მოიგო...

სამტრედია 1:3 დინამო ბათუმი 

ოთხივე გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმით გავიდა.

ლიდერმა დინამო ბათუმმა მერვედგილოსან სამტრედიას სტუმრად მოუგო. სამი საგოლე პასი გააკეთა მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელმა პაატა ღუდუშაურმა.

მე-3 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა მოულოდნელი დარტყმით გახსნა ანგარიში - 0:1; ტაიმის ბოლოს ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაზარდა სხვაობა... ეს ორი გოლი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. მამუჩაშვილმა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 გოლი გაიტანა: დუბლი არ შეუსრულებია, 12 მატჩში თითო-თითო.

მეორე ტაიმში ჯერ სამტრედიელმა ზვიად ნაჭყებიამ შეამცირა სხვაობა, მერე კი ბათუმელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ ჰაერში ერთ შეხებაში დარტყმით 1:3 გახადა ანგარიში.

დინამო ბათუმი 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა მდევარ დინამო ბათუმს ამ ტურში სათამაშო აქვს.

თელავი 0:1 შუქურა

ქობულეთის შუქურამ თელავში მოიგო. ეს აუტსაიდერის პირველი გამარჯვებაა 28 მაისის შემდეგ. ზუსტად 5 თვის თავზე გატეხა ნავსი.

ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა დავით მუჯირმა, რომელმაც გიორგი ჯანელიძის ჩაწოდებულს ოდნავ შეუცვალა მიმართულება. ეს მუჯირის მეცხრე გოლია სეზონში. საინტერესოა, რომ ის წლეულს სწორედ თელავიდან გადავიდა შუქურაში...

თელავი მეშვიდე ადგილზე რჩება.

დილა 3:0 საბურთალო 

მესამე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა, რადგან დილამ 3:0 სძლია საბურთალოს. ახლა მესამეზე მყოფი თბილისელები მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ გორელებს, ასევე იბრძვიან სამგურალი და ტორპედო: მათ ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვთ.

დილამ რამდენიმე დღის წინ სათასო მეოთხედფინალი პენალტებში წააგო საბურთალოსთან და ამჯერად გუნდები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შეხვდნენ ერთმანეთს. გორელები ონორე გომისის ახლოდან გატანილით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ჟან ვიქტორმა დამატებაზე ზუსტი დარტყმით გაზარდა სხვაობა და ბოლო წუთებზე დილას კაპიტანმა ნიკა გაგნიძემგამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა- 3:0.