კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

ისევ დინამო არენაზე!.. დინამოების დაპირისპირება; სტუმრების ტური

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური გაიმართა. დინამო არენა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადაა და სამუშაოების შემდეგ, წლეულს პირველი თამაში ვნახეთ. მაყურებელიც საკმაოდ იყო. დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ. ისე, ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს.  

გაგრა 0:1 სამტრედია 

სამტრედიამ მოგების გემო გაიხსენა, გაგრას სტუმრად 1:0 აჯობა. გოლი ნიგერიელმა მეტიუ ოლატუნჯიმ გატანა გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ. ეს ოლატუნჯის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

გაგრას ბოლო წამებზე ჰქონდა ჰქონდა იდეალური მომენტი და თეიმურაზ შონიას თავური რეზო ლომიძემ მოიგერია.

ახლა გაგრასა და სამტრედიას 11-11 ქულა აქვთ. ცხრილის ქვედა ნაწილში არიან. გაგრას 8 ტურია, არ გაუმარჯვია.

სამგურალი 2:2 დილა 

ზედა ხუთეულის წარმომადგენლების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. დილა 79-ე წუთამდე სტუმრად უგებდა სამგურალს, საბოლოოდ კი - 2:2.

პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა, 53-ე წუთზე დილას ბარბადოსელმა ლეგიონერმა ტიერი გეილმა სისწრაფე გამოიყენა და ნიკა გაგნიძის პასის შემდეგ დააწინაურა თავისიანები. ეს გეილის მეცხრე გოლია მიმდინარე კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში.

მერე ონორე გომისმა საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით 0:2 გახადა ანგარიში...   

79-ე წუთზე შეიცვალა სიტუაცია, გიორგი ნიქაბაძემ ნიკა ხორხელის პასით შეამცირა სხვაობა -  სეზონში მეცხრე გოლი მიითვალა. ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა დილას კარში (ლადო ჩიხრაძეზე წესების დარღვევისთვის), 11-მეტრიანი კი ნოდარ ლომინაძემ ზუსტად შეასრულა და 2:2.

დილას 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდი მეხუთე ადგილზეა, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვეა და ლიდერებთან ჩამორჩენა დიდი არაა. 

ტორპედო 1:2 შუქურა 

ქობულეთის შუქურამ ცოტნე ფაცაციასდუბლით სტუმრად 2:0 სძლია ქუთაისის ტორპედოს.

მეორე ტაიმის შუაში გაიხსნა ანგარიში: გიორგი ჯანელიძის გარღვევა, პასი დავით მუჯირისკენ, მუჯირის გადაცემის შემდეგ კი ცოტნე ნადარაიამ ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა. მინდორზე ორი წუთის შესულმა ფაცაციამ პენალტი გამოიყენა...

მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი გოლი ვნახეთ. ჯერ ფაცაციამ გამოიყენა მიშიკო სარდალიშვილის პასი და სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა - 0:2.

ბოლოს კი ტორპედოელთა ბრაზილიელმა შემტევმა კაიკე დავიდმა ტექნიკურად ითამაშა, პენალტი მოიპოვა და თავადვე შეამცირა სხვაობა - 1:2. ეს კაიკე დავიდის პირველი გოლია საქართველოში.

შუქურა ამ მოგებით მეათედან მეშვიდე პოზიციაზე გადავიდა... ტორპედო კი ცხრილის შუაშია, მეექვსეზე. გუნდმა ბოლო 4 მატჩი წააგო.

თელავი 0:3 საბურთალო 

საბურთალომ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა და წაუგებელი მატჩების სერია ათამდე გაზარდა.

ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა გუნდმა თელავში 3:0 მოიგო და მეორე ადგილზეა. თელავი კი აუტსაიდერთა ზონაში იყო და რჩება.

პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა საბურთალოს მცველმა გიორგი ჯგერენაიამ ახლო მანძილიდან არეულობაში დაარტყა და 0:1.

მეორე ტაიმში კი ლუკა სილაგაძემ მშვენივრად შეასრულა საჯარიმო და 0:2 გახადა ანგარიში. სხვათა შორის, სილაგაძე სულ ერთი წუთის შესული იყო მინდორზე და პირველივე შეხება გილად აქცია. ეს მისი მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში.

ბოლოს კი სილაგაძემ საგოლე პასიც გააკეთა და გიზო მამაგეიშვილმა ცარიელ კარში გაიტანა. გიზოს მეოთხე გოლი წლეულს.

დინამო თბ 1:2 დინამო ბთ

დინამო არენაზე მშვენიერი საფეხბურთო გარემო იყო. წლეულს პირველად გაიმართა მატჩი, მანამდე კი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მიმდინარეობდა სამუშაოები.

დინამოების დაპირისპირება... 30-ე წუთზე ბათუმელები ბენჟამინ ტეიდის შორიდან გატანილით დაწინაურდნენ. სხვათა შორის, ტეიდმა მანამდეც გაიტანა ახლო მანძილიდან, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. VAR-ზეც გადამოწმდა.

პირველი ტაიმის ბოლოს თბილისელებმა გაათანაბრეს. კაპიტანმა დავით სხირტლაძემ კარგი ტექნიკა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:1.

61-ე წუთზე კი ბათუმელები მეორედ და როგორც გაირკვა, საბოლოოდ დაწინაურდნენ: ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა დასწრებაზე ითამაშა კარგად. ეს ფლამარიონის მე-12 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

მომენტები კიდევ იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმელები პირველ ადგილზე არიან, მოქმედი ჩემპიონები კი - მეოთხეზე. მათ შორის სხვაობა 7 ქულაა.