კალენდარი

შაბათი, 30 მარტი

კვირა, 31 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

“არც ცხოვრებაში და არც ფეხბურთში, უცებ არაფერი ხდება” – გია გეგუჩაძე

2018 წლის სეზონს მხოლოდ ორი გამარჯვებული არ ჰყავს – ჩემპიონ საბურთალოსა და თასის მფლობელ ტორპედოსთან ერთად, ამ კატეგორიას მიეკუთვნება ბათუმის დინამოც, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. ლიგა 2-ში აჭარულმა კლუბმა სოლიდური უპირატესობით იჩემპიონა. უახლოეს მდევარ ვიტ ჯორჯიას 11 ქულით გაასწრო და ვადაზე ადრე მოიპოვა ელიგის საგზური.

ამას გუნდმა გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწია. 53 წლის სპეციალისტს ქართველი გულშემატკივრის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. გეგუჩაძე იმ კატეგორიის მწვრთნელია, რომლის თავკაცობითაც კლუბი შედეგს სეზონიდან სეზონამდე აუმჯობესებს და ცხადია, ამის იმედი ბათუმელ ქომაგსაც აქვს. 

ბევრი ფიქრის გარეშე…

ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობისგან შეთავაზება 2018 წლის დასაწყისში მივიღე. მათ საკუთარი მიზნების შესახებ მიამბეს. ვნახე, როგორ ზრუნავს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ბათუმის მერია კლუბის განვითარებაზე. გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, რადგან დავრწმუნდი, რომ კლუბს საფუძვლიანი ამბიციები აქვს. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის საფეხბურთო ტრადიციები, რაც ბათუმსა და ზოგადად, აჭარას აქვს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, ის არის, რომ კლუბში მთელი სისტემის ხელმძღვანელობა ჩამბარდა. ცხადია, ბათუმში ვცხოვრობ და ამ ულამაზეს ქალაქში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

ინფრასტრუქტურა

ეს კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტორია, რამაც ჩემთვის ბათუმში მუშაობა მიმზიდველი გახადა. ანგისას ბაზაზე გვაქვს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, გუნდს ყველა პირობა აქვს შექმნილი. 

ვგეგმავთ აკადემიის შენობის აგებასაც. მალე ორი ახალი მოედანიც გვექნება და რაც მთავარია, ველით სტადიონის დასრულებას, რაც დიდი შენაძენი იქნება არა მხოლოდ ჩვენი კლუბისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. 

მძიმე დასაწყისი დამაჯერებელი დასასრულით

სეზონი მძიმედ დავიწყეთ, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. გუნდი პირველ შეკრებაზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიბარე და შემადგენლობის დაკომპლექტება ცაიტნოტურ გარემოში მოგვიწია. ამას გარდა, ნებისმიერ მწვრთნელს გარკვეული დრო სჭირდება საიმისოდ, რომ თავისი იდეები ფეხბურთელებამდე მიიტანოს. საბედნიეროდ, დინამოს ბევრ მოთამაშესთან ადრე სხვადასხვა კლუბში მიმუშავია და ამიტომ, ჩემი და გუნდის დაახლოვებას დიდი პერიოდი არ დასჭირვებია. 

ამის შემდეგ კი დინამომ საუკეთესო თვისებების გამოვლენა დაიწყო და საბოლოოდ, ჩვენი უპირატესობა სატურნირო ცხრილზე აისახა. ბედნიერი ვარ, რომ კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, პერსონალისა და გულშემატკივრების ერთობლივმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და დინამომ კუთვნილი ადგილი დაიბრუნა.

რთულად მოსაგები ტურნირი

მას შემდეგ, რაც რანგით პირველ და მეორე ლიგებში გუნდების რაოდენობა შემცირდა, ეროვნულ ლიგა 2-ში დონე საგრძნობლად ამაღლდა და რთულად მოსაგებ ტურნირად იქცა. კონკურენცია მაღალია, თითოეული ქულა კი – მძიმე ბრძოლაში მოსაპოვებელი. ფაქტობრივად, ლიგა 2-ის ყოველი მეორე ბინადარი რეალურად იბრძოდა ელიგის საგზურისთვის.

მზადება ელიგისთვის

ცხადია, ლიგებს შორის არის საგრძნობი სხვაობა და ახალ გამოწვევებს მომზადებულები უნდა შევხვდეთ. შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავთ, მაგრამ ახალი სისხლი და გაძლიერება აუცილებელია. ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი მომავალ სეზონშიც გაგრძელდება და ბათუმის დინამო გულშემატკივარს სანახაობრივი და შედეგიანი ფეხბურთით გაახარებს. 

მიზნები

არც ცხოვრებაში და არც ფეხბურთში უცებ არაფერი ხდება და შედეგებამდე მისვლას დრო უნდა. ამის მიუხედავად, ვგრძნობთ, რომ უახლოეს სეზონშივე შეგვიძლია წარმატებების მიღწევა. ჩვენი უახლოესი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ამოცანისთვის 2019 წელსვე ვიბრძოლებთ.

სეზონის შეფასება

ჩემპიონატშიც და თასზეც ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. საბურთალო და ტორპედო ღირსეული გამარჯვებულები არიან, რასაც ვულოცავ. აქვე გაგრას წარმატებასაც აღვნიშნავ. რამდენიმე წლის წინ ამ კლუბმა საქართველოს თასი მოიგო, ახლა კი იმავეს გამეორებამდე მცირედი დააკლდა. მსგავსი პრეცედენტები ქვედა ლიგების კლუბებისთვის დიდი სტიმულია.

სანაკრებო იმედები

საქართველოს ნაკრები, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, უკვე იქცა იმ გუნდად, რომელსაც გულშემატკივრის იმედების გამართლება შეუძლია. ეს არ არის მხოლოდ ერთა ლიგის ფორმატის დამსახურება, ჩვენმა გუნდმა რეალური პროგრესი განიცადა და ჩემი შეფასებით, ეს დიდი გზის დასაწყისია. საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე იზრდება და რაც მთავარია, ქომაგს სანახაობას ჩუქნის. ამისთვის კი, ვლადიმირ ვაისს დიდი მადლობა.

2018 და მსოფლიო ფეხბურთი

იმის მიუხედავად, რომ არც მადრიდის რეალის ქომაგი ვარ და არც საფრანგეთის ნაკრების, ეს გუნდები დამსახურებულად ავიდნენ საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის მწვერვალზე. მოხარული ვარ, რომ ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა. რონალდუ და მესი ბრწყინვალე არიან, მაგრამ საფეხბურთო მსოფლიო მხოლოდ მათ გარშემო არ ბრუნავს.

საახალწლო სურვილები

ეროვნული ნაკრებისა და ქართული კლუბებისგან საერთაშორისო წარმატებებს ველი და სწორედ ეს უნდა იყოს ქართული ფეხბურთის პროგრესის მანიშნებელი. ქართველ ერს კი სიყვარულსა და ერთიანობას ვუსურვებ!