კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ზამთრის თასი 2019-ის ფინალი | ცხინვალი - დინამო თბილისი

12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა.

გაგრა 1:2 რუსთავი

გოლები: 0:1 კიტეიშვილი (6), 1:1 ბრეგვაძე (16), 1:2 სილაგაძე (21)

დღევანდელი სათამაშო დღის პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს წინააღმდეგ "გაგრა" და "რუსთავი" წარსდგნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო თამაში იხილა. მე-6 წუთზე პაატა კიტეიშვილის გოლით ანგარიში რუსთაველებმა გახსნეს და პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. გაგრელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის სტარტზე მოახერხეს, მე-16 წუთზე შედეგიანი დარტყმა თენგიზ ბრეგვაძემ შეასრულა. დაძაბული შეხვედრის ბედი 21-ე წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლის ავტორი ლუკა სილაგაძე გახდა.   

შევარდენი 1906 0:6 ლოკომოტივი

გოლები: 0:1 კირკიტაძე (9), 0:2 კირკიტაძე (11), 0:3 უბილავა (13), 0:4 უბილავა (19), 0:5 კიკაბიძე (23), 0:6 კობახიძე (24)

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის "ლოკომოტივმა". მეოთხედფინალში თბილისელები თანაქალაქელ "შევარდენი 1906"-ს დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საწყისი წუთები ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ლოკომ ორი უპასუხო ბურთი გაიტანა და გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა. მე-9 და მე-11 წუთებზე დუბლი თორნიკე კირკიტაძემ შეასრულა. მატჩის მსვლელობა მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა, "ლოკომოტივმა" კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა.

დღესვე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ცხინვალი 3:0 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ლ. ქურდაძე (8), 2:0 ლ. ქურდაძე (11), 3:0 გ. ქურდაძე (23)

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "ცხინვალი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ცხინვალელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. "ცხინვალის" წარმატებაში დიდი როლი გუნდის უდავო ლიდერმა, ლევან ქურდაძემ ითამაშა. გამოცდილმა მცველმა მე-8 და მე-11 წუთებზე ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ამით მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. საბოლოოდ, ცხინვალელებმა "ლოკომოტივს" კიდევ ერთი გოლი გაუტანეს და ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშების ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

დინამო თბ 5:3 რუსთავი

გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (4), 1:1 სილაგაძე (6), 2:1 ჭავჭანიძე (7), 3:1 აწყურელი (13), 3:2 ციცქიშვილი (15), 4:2 ჯანგველაძე (17), 4:3 ხუხუა (23), 5:3 მოისწრაფიშვილი (24)

დაძაბული გამოდგა თბილისის "დინამოსა" და "რუსთავს" შორის გამართული მეორე ნახევარფინალური შეხვედრა. ორივე გუნდი აქტიურად უტევდა და გულშემატკივარმა საგოლე მომენტები ორივე კართან იხილა. დინამოელებმა მოისწრაფიშვილისა და ჭავჭანიძის გოლებით პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, "დინამო" უპირატესობას ფლობდა, თუმცა არც "რუსთავი" აპირებდა მარტივად შეხვედრის დათმობას. საბოლოოდ გულშემატკივარმა ორივე კარში ხუთი გატანილი გოლი იხილა და დედაქალაქელებმა მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხეს. "დინამო" ზამთრის თასის ფინალში მეორედ იასპარეზებს. პირველად ეს 2017 წელს მოხდა და მაშინ დედაქალაქური კლუბი გადამწყვეტ შეხვედრაში "გაგრასთან" დამარცხდა. 

ზამთრის თასი 2019-ის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "ცხინვალი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს, 18:45 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 11:00 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს 2018 წლის გათამაშების გამარჯვებული, თბილისის "ლოკომოტივი" და "რუსთავი" შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის თასი 2019-ზე დასწრება სრულიად უფასოა და დარბაზში მოსულ გულშემატკივარს ორგანიზატორებისგან რამდენიმე სიურპრიზი ელით.