ახალი ამბები

გიორგი ჭიაბრიშვილი: ეს სულ სხვა ემოციაა!

  • საბურთალო - საქართველოს მეცხრე ჩემპიონია!
  • კლუბი, რომელსაც არსებობის 19 წლიანი ისტორია აქვს

საბურთალომ პირველად მხოლოდ სამი წლის წინ ითამაშა ეროვნულ ლიგაში; კლუბი ზრდის ფეხბურთელებს და აწვდის ასაკობრივ ნაკრებებს... საბურთალო წელს თითქმის პირველივე ტურიდან ლიდერობდა...

კლუბის მწვრთნელი 39 წლის გიორგი ჭიაბრიშვილია, რომელმაც 2012 წელს ზესტაფონიც მიიყვანა ჩემპიონობამდე. ეს კი უკვე ჭიაბრიშვილის მეორე ჩემპიონობაა.

ემოციები... მეორედ გახდით საქართველოს ჩემპიონი.

ექვსი წლის წინანდელს რომ შევადაროთ, არ გამოვა. მაშინდელმა ფედერაციამ თავიდან რუსთავის მეტალურგი გამოაცხადა ჩემპიონად, ზესტაფონი კი მეორეზე დარჩა. თუმცა რეგლამენტში არსებული პუნქტის მიხედვით, მოგვიანებით ადგილები შეიცვალა: ჩემპიონად ზესტაფონი გამოაცხადეს. ასე რომ, მაშინ პირველი დღის ცხელ-ცხელი ემოცია, ფაქტობრივად, გამოვტოვეთ. ახლა კი სულ სხვა ემოცია იყო, თანაც, სამი ტურით ადრე რომ გახდები... რა გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ.

123

რომელი იყო საკვანძო მომენტი ჩემპიონატის განმავლობაში?

თავიდანვე კარგად დავიწყეთ და მაშინ ბევრი ფიქრობდა, საბურთალოს ლიდერობა დროებითია, შემთხვევითობააო. დრო გადიოდა და წამყვან გუნდებს ვუგებდით. მერე კი მეტოქეები გაფრთხილდნენ, ესე იგი, მთლად შემთხვევითობაც არ ყოფილა. აი, როცა საკმაოდ წინ ვიყავით და იმ დროს დინამოსთან და ტორპედოსთან მოვიგეთ, სწორედ ეს იყო საკვანძო მომენტი.

ჩანს, რომ საბურთალო შეკრული გუნდია და კონკრეტულად ერთ-ორ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული. ეს რამდენად ამსუბუქებს მწვრთნელის მუშაობას?

გეთანხმებით და ფეხბურთელების გამორჩევა არც მე მინდა. ჩვენ სეზონის წინ ლიდერი დაგვაკლდა (გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგში გადავიდა), მას მერე კი ყველამ იტვირთა ლიდერობა. მწვრთნელისთვის ეს ფუფუნებაა.

ყველაზე მეტად როდის გაუჭირდა საბურთალოს?

მესამე წრეში ტრავმიანობამ იმატა და შედარებით თამაშის ხარისხმაც იკლო.

123

გაისად საბურთალო პირველად გავა ევროტურნირებზე და თანაც, ჩემპიონთა ლიგაზე. ალბათ, შემადგენლობაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

გუნდი, როგორც მექანიზმი, ხშირად იცვლება და ამჯერადაც ასე იქნება. ზოგი ფეხბურთელი დაგვტოვებს, მათ ნაცვლად სხვები მოვლენ და აუცილებლად გაკეთდება უფრო მეტი აქცენტი ლეგიონერებზე. ჩვენ უკვე არა მხოლოდ ქალაქი, არამედ, მთელი ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ. ევროტურნირები სხვა დონეა...