კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

26-ე ტური | ლიდერები იგებენ

  • 27-28 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

ცენტრალურ დაპირისპირებას ივანწმინდის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. საჩხერის „ჩიხურამ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა სტუმართა შეტევები უფრო შედეგიანი აღმოჩნდა და გამარჯვება მათ დარჩათ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა, შეცვლაზე შემოსულმა ვეტერანმა თავდამსხმელმა - დიმიტრი ტატანაშვილმა ბურთი გიორგი კოხრეიძესთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულს გატანა აღარ გასჭირვებია.

ამ გარჯვებით „საბურთალომ“ უახლოეს მდევარ, თბილისის „დინამოსთან“ ქულათა სხვაობა შეინარჩუნა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ მთავარ ფავორიტად რჩება. „ჩიხურამ“ კი, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და სამეულში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო შეიმცირა. 

111
დინამო თბ 2:1 კოლხეთი 1913

ქულები დაკარგა საჩხერელთა უშუალო კონკურენტმა გორის „დილამ“. გორელები სტუმრად თბილისის „ლოკომოტივის“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ. მატჩი ლოკომოტიველთა უპირატესობით წარიმართა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი ახალგაზრდა შემტევის ზურიკო დავითაშვილის თამაში, რომელმაც შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გაიხსნა, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი დავითაშვილს მიუვიდა, შემტევი სიტუაციაში სწრაფად გაერკვა და ზუსტი შორეული დარტყმით აიღო გუგეშაშვილის კარი. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, უჩა სოსიაშვილის გუნდის შეტევებმა შედეგი მატჩის მიწურულს გამოიღო.

81-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა. ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის მიუხედავად „ლოკომ“ თამაში მაინც მოიგო, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში, რევაზ ინჯგიას გადაცემით დუბლი ზურიკო დავითაშვილმა გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. 

333
ლოკომოტივი 2:1 დილა

მძიმე ბრძოლაში მოიგო თბილისის „დინამომ“, დედაქალაქელებმა ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლეს მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხეს მეტოქე. „დინამოს“ გამარჯვებაში დიდი როლი გუნდის ახალწვეულმა, ლევან შენგელიამ ითამაშა. ფლანგელმა თავისი ყოფილი გუნდის კარი ორჯერ აიღო.

პირველ შემთხვევაში შენგელიამ მათე ვაჭაძის პასით ისარგებლა და მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა. მეორედ კი, შემტევმა მისთვის ჩვეულ სტილში გაიტანა, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიწია და ფოთელთა მეკარეს აუღებელი დაურტყა. რაც შეეხება „კოლხეთის“ ერთადერთ გოლს, ის 24-ე წუთზე დინამოელთა შეტევის შედეგად გავიდა. მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით იმედა აშორტიამ ისარგებლა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის „ტორპედომ“. ქუთაისელებმა ამჯერად ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს და გასული ტურის მსგავსად ანგარიშით 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში 34-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ გახსნა, შემტევმა ლაზარ მარინის ჩაწოდების შემდეგ ყველას დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა.

555
ტორპედო 3:0 სიონი

პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმი კვლავ ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ხუთ წუთიან მონაკვეთში მათ ორჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება. 58-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად ლევან კუტალიამ დაარტყა, 63-ეზე კი, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებით თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.

26-ე ტურში ფრედ ერთადერთი შეხვედრა დასრულდა. ზესტაფონში გამართული შეხვედრაში „სამტრედიამ“ და „რუსთავმა“ 1:1 ითამაშეს. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით ანგარიში ზაზა ციცქიშვილმა გახსნა. უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და განმტკიცება ვერ მოახერხეს. 45-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში რამდენიმე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ეროვნული ლიგის მორიგი, 27-ე ტურის შეხვედრები 30 სექტემბრიდან 2 ოქტომრის ჩათვლით გაიმართება.