ახალი ამბები

‘არ იყო სწორი, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი’ - გიორგი გაბედავა

  • ჩიხურას ცხრიანი კლუბის და მოახლოვებული ევროთასების შესახებ...

გიორგი გაბედავა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და გორის დილას ლეანდრო რიბეიროსთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

საჩხერის ჩიხურას 28 წლის შემტევი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ფაქტს, რომ იმერლები ევრო საგზურისთვის იბრძვიან...

ჩემპიონატის დაწყებამდე ჩიხურა არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, ამის გათვალისწინებით მოულოდნელია თქვენი ლიდერთა შორის ყოფნა.

სეზონის დაწყებამდე ჩიხურადან ბვერი მოთამაშე წავიდა, გუნდი ახალგაზრდებით შეივსო, თუმცა კვლავ ლიდერთა შორისაა...

პრაქტიკულად ახალი გუნდი გაკეთდა. ვარაუდობდნენ, რომ ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, მოწინავე პოზიციებზე ვართ.

სეზონის წინ კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ, ახლადშექმნილ გუნდს ძნელია ევროსაგზურისთვის ბრძოლა მოსთხოვო, მაგრამ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებით და შედეგიც სახეზეა.

რვა გოლით რიბეიროსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი ხარ...

ეს პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, თუმცა კიდევ მეტის გატანა შემეძლო, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენე. მთავარი კლუბის წარმატებაა, მაგრამ ბუნებრივია, ნებისმიერ ფეხბურთელს უხარია გოლის გატანა და გამონაკლისი არც მე ვარ.

გიორგი გაბედავა

ჩიხურამ მიმდინარე სეზონში არაერთი რთული მატჩი მოიგო, მაგრამ სტაბილური ფორმის შენარჩუნება გუნდს მაინც უჭირს, თუნდაც ბოლოს თბილისის ლოკომოტივთან საშინაო მარცხი...

ესეც იმ პროცესის ნაწილია, რაზეც ვისაუბრეთ - სოსო ფრუიძეს პრაქტიკულად ჩემპიონატის მსვლელობისას მოუწია გუნდის შექმნა, ჯერჯერობით ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ და ამის გათვალისწინებით, არასტაბილურობაც ლოგიკურია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია და უფრო შევთამაშდებით.

2014 წელს ჩიხურამ ევროპის ლიგაზე ორი ეტაპი გაიარა, მათ შორის, გადალახა საკმაოდ ძლიერი თურქული ბურსასფორის ბარიერი. წელს რას უნდა ველოდოთ თქვენგან ევროსარბიელზე?

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართული გუნდები ევროტურნირებზე ცუდად ვთამაშობთ. დღევანდელი ფორმაციის ჩიხურაც ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ბურსასფორთან შეხვედრისას იყო.

უკეთესი იქნებოდა, შესაბამისი ტრანსფერები განხორციელებულიყო და გავძლიერებულიყავით, მაგრამ ამ კონტინგენტითაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბევრი რამ წილისყრაზეც იქნება დამოკიდებული.

უახლოესი მატჩი დინამოსთან გიწევთ, რას ფიქრობ ამ მატჩზე?

დინამოსთან საქართველოში ყველა განსაკუთრებულად თამაშობს, ეს ბუნებრივიცაა - ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და დინამო არენაზე თამაში განსაკუთრებულ მოტივაციას აჩენს. ვეცდებით, თავი კარგად წარმოვაჩინოთ.

რომ არა ტრავმები, როგორ ფიქრობ, სხვანაირად წარიმართებოდა შენი კარიერა?

პირველ რიგში, ჩემს თავში ვეძებ მიზეზს, სად რა დავაკელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტრავმებმა ბევრი დრო დამაკარგვინეს... ფეხბურთელის საუკეთესო ასაკში, 23-24 წლისას ძალიან ბევრი გამიცდა და ბუნებრივია, ამან შემაფერხა.

არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი, იმ ასაკში სხვა არჩევანი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ოპრიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ მოვუმატებ.

და ბოლოს: რას ფიქრობ ეროვნულ ლიგაზე?

ეროვნული ლიგა პროგრესირებს, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და დაფინანსების ახალი სისტემით გუნდებს ის პრობლემები აღარ აქვთ, რაც წლების წინ ჰქონდათ. მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს წინსვლა. ბევრი გვაქვს დაკარგული და ამის აღმოფხვრას ახლაღა ვცდილობთ...