კალენდარი

ოთხშაბათი, 21 ნოემბერი

შაბათი, 24 ნოემბერი

კვირა, 25 ნოემბერი

ორშაბათი, 26 ნოემბერი

ხუთშაბათი, 29 ნოემბერი

პარასკევი, 30 ნოემბერი

ახალი ამბები

'რყევები დასრულდა' - გიორგი ჭიაბრიშვილი საბურთალოს და ეროვნული ლიგის შესახებ

  • პირველადგილოსანი საბურთალოს მთავარი მწვრთნელი კლუბის შესახებ

ბოლო ათი წელია, საბურთალო ერთ-ერთი გამორჩეულია ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში, კლუბი ნელ-ნელა ვითარდებოდა და დადგა დრო, როცა უკვე ძირითად გუნდსაც უმაღლესი მიზნები აქვს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი საბურთალო ეროვნულ ლიგაში ლიდერია, ექვს ტურში მხოლოდ ერთხელ წააგო, დანარჩენ შეხვედრებში კი იმარჯვა და თან, კარგი ფეხბურთიც აჩვენა.

თბილისური დერბი

🎥 🔵🔴 #თბილისურიდერბი: დინამო 0:1 საბურთალო #ეროვნულილიგა

Posted by ეროვნული ლიგა on ორშაბათი, 16 აპრილი, 2018

ჭიაბრიშვილი ჩვენი რესპონდენტია. მისმა გუნდმა წინა ტურში თბილისის დინამოს მოუგო (1:0) და პირველი კითხვაც თავისთავად დაისვა...

არ მეთაკილება იმის თქმა, რომ დინამომ უკეთ ითამაშა. პირველ წუთებში გვქონდა ორი ასპროცენტიანი მომენტი, მერე კი, გოლის გარდა, უფრო დინამოელები ქმნიდნენ ხიფათს. გოლს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა ასეთი ლამაზი ბურთი გაიტანა. მოხარული ვარ, რომ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალური გოლების გატანა.

წლეულს კარგი შევსება მიიღეთ ფეხბურთელთა მხრივ. ასევე, ორი შეკრება გაიარეთ თურქეთში - ეს თამაშშიც ისახება.

საბურთალოს ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ. შეკრებებიც კარგად გამოვიყენეთ და კარგი ფეხბურთელებიც მოვიყვანეთ. არიან გუნდები, რომლებსაც ეს მოაკლდათ და ცხრილის ქვედა ნაწილშიც ამიტომ არიან. ჩვენ კი სხვებზე მეტი მოვასწარით.

თუმცა გიორგი ხარაიშვილის სრულფასოვნად შეცვლა რთულია.

ხარაიშვილი საბურთალოს კაპიტანი იყო და მის გარშემო თამაშის ბევრი ნიუანსი ეწყობოდა. ასეთი ფეხბურთელების შეცვლა უმტკივნეულოდ არ ხდება, თუმცა როცა მწვრთნელი ხარ და წინ გრძელი სეზონი გაქვს, ყველაფრისთის მზად უნდა იყო.

შეგიძლიათ თქვათ, რომ საბურთალოს მიზანი ჩემპიონობაა?

არასოდეს გვითქვამს, რომ ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება. უპირველესი მიზანი სამეული და ევროტურნირებზე გასვლაა. შარშანაც ახლოს ვიყავით ამ მიზანთან, მაგრამ ცოტაღა დაგვაკლდა.

მეოთხეზე გავედით და სხვებზე ვიყავით დამოკიდებული. ისე კი, ჩემპიონობის შანსი თუ გაგვიჩნდება, რატომაც არა?! მარათონული სეზონია და წინასწარ ლაპარაკი არ მსურს.

შედეგის კვალობაზე, მაინც ფრთხილად საუბრობთ.

17-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება მეხმარება. სიფრთხილე საჭიროა, რადგან შეიძლება ყველაფერი შეტრიალდეს. ჩემპიონატში დაძაბული თამაშებია, იოლად ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებ.

2012 წელს თქვენი გაწვრთნილი ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონი გახდა. როგორ ატყობთ - როგორც მწვრთნელი, მას შემდეგ გაიზარდეთ?   

როგორც კი საკუთარ თავს დავიჭერ იმაში, რომ დასკვნები ვერ გამომაქვს ან ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაშინვე თავს დავანებებ მწვრთნელობას. ეს ისეთი სფეროა, რომ ყოველდღიურად შეიძლება განვითარდე. როგორც მწვრთნელი, ვიცვლები, გარკვეულ ნიუანსებში სხვა შეხედულებები მაქვს. რაც არ იცვლება, ეს საფეხბურთო გემოვნება და თამაშის წესებია: მაგალითად, ფეარ პლეი.

მთლიანად ეროვნული ლიგა რომ შევაფასოთ და შარშანდელ სეზონს რომ შევადაროთ...

შარშანვე გამოჩნდა, რომ ათგუნდიანმა ჩემპიონატმა გაამართლა. მომწონს გაზაფხულ-შემოდგომის სისტემაც. ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაცია და ფონდი სწორად მუშაობენ: რაც ფეხბურთისთვის საჭიროა, აწვდიან. დანარჩენი კი, რა გითხრათ, პროდუქტი ერთ-ორ წელიწადში არ იქმნება.

რომ ვთქვა, სათამაშო დონე აშკარად უკეთესი გახდაო, ხომ იცით, მართალი ვერ ვიქნები. არც შარშან ველოდი რაიმე განსაკუთრებულს და არც წლეულს ველოდები, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ უახლოეს წლებში წინსვლა დავინახოთ. ადრინდელივით აღარ ხდება, როცა კლუბებს სამგზავრო ფული არ ჰქონდათ და სრულ ფინანსურ გაუგებრობაში იყვნენ. რყევები დამთავრდა და ჩემპიონატი დალაგდა.