ახალი ამბები

დიდი ინტერვიუ: მეორე კვასხვაძე ტორპედოში, სვირინგი და შარშანდელი დრამა

  • დიდი ინტერვიუ: როინ კვასხვაძე

„თავიდან ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. ჩემი ძმა ნიკა მეკარე იყო, გოლს რომ გაუშვებდა ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს მე ჩავდექი კარში და მას მერე ვდგავარ.“

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი სიხარულიძე დასახელდა, ეროვნული ლიგის გმირის წოდება კი ერთპიროვნულად ეკუთვნის როინ კვასხვაძეს. ქუთაისის ტორპედოს მეკარე და კაპიტანი ბოლო იყო, რომელიც 2017 წლის ჩემპიონატში ბურთს შეეხო - თბილისის დინამოს კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისელი გულშემატკივარი წლების განმავლობაში ნანატრი ჩემპიონობით უზომოდ გაახარა. როინ კვასხვაძე დღეს ჩვენი სტუმარია. თავადაც დარწმუნდებით, რომ იგი არა მხოლოდ მაღალი კლასის მეკარე, არამედ საინტერესო მოსაუბრეცაა.

საუბარი, რა თქმა უნდა, პენალტით უნდა დავიწყოთ... როცა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ გამარჯვებასა და ჩემპიონობას ხელიდან გავუშვებდით. უნდა ავიღო! – მტკიცედ ვუთხარი საკუთარ თავს. შინაგანად მქონდა იმის რწმენა და განცდა, რომ ამას შევძლებდი. არ ველოდი, რომ ოთარ კიტეიშვილი ცენტრში დაარტყამდა, შეიძლება, იგი ჩემმა მოძრაობამაც დააბნია. ჩემგან მარჯვენა კუთხე ავირჩიე, მაგრამ შევძელი და ბურთი ფეხით მოვიგერიე.

თამაშის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს თუ ელაპარაკე?

იმ დღეს მას ალბათ, არავისთან საუბარი არ სურდა, მეორე დღეს კი მესიჯი მივწერე და გავამხნევე. ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელი და თბილი პიროვნებაა, იგი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს და მთავარი წარმატებები წინ აქვს.

ახლა, როცა იმ მატჩს უკვე ცივი გონებით იხსენებ, როგორი შეგრძნება გეუფლება?

მე, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ბევრი რამ განაპირობა – ტორპედო საქართველოს ჩემპიონია, მე კი ამ გუნდის კაპიტანი და გადამწყვეტი ეპიზოდის ავტორი. მოკლედ ასე ვიტყოდი – უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი. სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებასა და ამ კონკრეტულ მომენტამდე მისვლას კი ვერ მოვახერხებდი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე. დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა კახა ჩხეტიანსა და ჩვენს სხვა მწვრთნელებს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს.

როინა
ოთარ კიტეიშვილი და როინ კვასხვაძე შარშანდელი ფინალად ქცეული მატჩის დაწყებამდე

ტორპედოს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თასი მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.


სამწუხაროდ, ფინალში საჩხერის ჩიხურასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. ამან გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ჩიხურა უდავოდ ღირსეული გამარჯვებულია. ეს ტიტულიც ძალიან გვსურდა, მაგრამ საჩემპიონო ზეიმის შემდეგ, ალბათ, ცოტა მოტივაცია და კონცენტრაცია დაგვაკლდა. ჩიხურა კი, რომელსაც აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ფინალს გამარჯვების წყურვილით შეხვდა და მიზანსაც მიაღწია, რასაც მთელი გულით ვულოცავ.

ტორპედოს ერთმა ქომაგმა ორიგინალური სვირინგი წარმოგვიდგინა – როინ კვასხვაძე პენალტს იგერიებს. 

მადლობის მეტი რა მეთქმის, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ამხელა სიხარული ვაჩუქე. ეს ისეთი ემოციური მომენტია, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სიკეთით ვერ გადასწონის. ასეთ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ დაგიღვრია ამდენი ოფლი, ღვთის წყალობაა, რომ ხალხისთვის ამხელა სიხარულის მინიჭება შეგიძლია.

თავადაც ხომ არ აპირებ მსგავსი სვირინგის გაკეთებას?

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, მინდა ცოტა სხვა სტილში გავაკეთო.

რას ნიშნავს შენთვის ტორპედოში თამაში, მისი კაპიტნობა?

უპირველესად, ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვარ ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდის კაპიტანი, სადაც უამრავ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. მაქვს საშუალება, სიხარული ვაჩუქო ჩემს თანაქალაქელებს – ეს სათქმელად არის იოლი, ამ სიტყვებს მიღმა კი ზღვა შრომა და ემოციებია.

საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდი – ზესტაფონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვე ქართული ოქრო.

ზესტაფონში გატარებულ პერიოდს დღემდე დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვიხსენებ – მაღალი დონის გუნდი გვყავდა, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდებოდა და მომავალში ბევრად მეტის მიღწევაც შეეძლო... გულშემატკივარმა სწორედ ზესტაფონში თამაშით გამიცნო, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ ევროთასებზე. მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონობას კი ის განასხვავებს, რომ მაშინ მეტოქეებს საგრძნობლად ვჯობდით და ჩემპიონები დამაჯერებლად ვხდებოდით, გასულ სეზონში კი ჩემპიონის ვინაობა ასეთ დრამატულ ვითარებაში გაირკვა – ეს, თავისთავად, სულ სხვა განცდა და სიხარულია.

როინა1
როინ კვასხვაძე ეროვნული ლიგის ფარით ხელში

წლებია, რეგულარულად გიწვევენ საქართველოს ნაკრებში.

ამით უსაზღვროდ ამაყი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია, თავს ნაკრების სრულფასოვან წევრად მივიჩნევ და ყოველი გამოძახება ძალიან მახარებს. სწორედ ნაკრებს უკავშირდება ჩემი კარიერის ერთი გამორჩეული ეპიზოდი – ესპანეთის დამარცხებას ვგულისხმობ. მაშინ ნუკრი რევიშვილი დაშავდა და შეცვლაზე შევედი, ჩვენს გამარჯვებაში ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე. არ ვკარგავ იმედს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გავხდები, მგონი, ტორპედოს ჩემპიონობა ამის შანსებს ზრდის.

ქართული ფეხბურთის წინსვლის აუცილებელ წინაპირობად რა მიგაჩნია?

სწორი მენეჯმენტი და ფინანსები. საბედნიეროდ, ამ ორივე კუთხით სასიკეთო ძვრები შეინიშნება, რაც დროთა განვალობაში აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყნის განვითარებაც აუცილებელია, სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს. როცა ფეხბურთელის ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ფინანსური პრობლემებია ოჯახში და სამეგობროში, იგი ვერ მოახერხებს მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირებას.

შეიძლება ითქვას, რომ მეკარისთვის იდეალურ ასაკში ხარ. თუ შეცვალა ბოლო წლებმა რამე შენს თამაშში?

გამოცდილება მეკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა და ბოლო წლებმა სწორედ ეს მომიტანა. გავხდი უფრო მშვიდი, თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ნაკლებ შეცდომას ვუშვებ. ვფიქრობ, დროს ფუჭად არ ვკარგავ. საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგები და ფეხბურთზე მაღლა არაფერს ვაყენებ, რაც მიფასდება კიდეც.

როინა3
გადამწყვეტი მომენტი და შარშანდელი სეზონის ბოლო კონტაქტი ბურთთან

შენი უცხოური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რა შეგძინა კვიპროსზე გატარებულმა პერიოდმა და თუ გაქვს სურვილი, კვლავ მოსინჯო ძალები საზღვარგარეთ?

ოთელოსი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი იყო და ვიმედოვნებდი, რომ ტრამპლინად გამომადგებოდა. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, სადებიუტო მატჩში ორი პენალტი მოვიგერიე და ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დამასახელეს. თუმცა გუნდი გავარდა და ამან წინსვლაში ხელი შემიშალა. გაურკვეველ პერსპექტივას საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.

მომავალში გამორიცხავ ლეგიონერობას?

არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებას. თუ ასე არ მოხდა, მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც მაფასებენ და როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ნორმალური პირობები მაქვს შექმნილი.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

სამწუხაროდ, ეს ადამიანი დღეს ჩემს გვერდით აღარ არის - მამაჩემი, გია კვასხვაძე იყო ჩემი ყველაზე თავგადაკლული ქომაგი. ყოველთვის მომიწოდებდა, რომ ბევრი მეშრომა და ვყოფილიყავი თავმდაბალი ადამიანი. ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო. მამაჩემი იყო ქუთაისური კლუბის, მემორიალის პრეზიდენტი და იქ ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა, ნიკა. თავიდან ნიკა იყო მეკარე, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. ნიკა უფრო ემოციური ბავშვი იყო და გოლს რომ გაუშვებდა, ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს მე ჩავდექი კარში და მას მერე ვდგავარ (იცინის). დღეს ჩემი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები მეუღლე, დედა და ძმა არიან, რა თქმა უნდა, ტორპედოს მრავალ ათას ერთგულ ქომაგთან ერთად.

მეორე როინ კვასხვაძე ხარ, რომელიც ტორპედოს კარს იცავს.

დიახ, მე როინ კვასხვაძის შვილიშვილი გახლავართ. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუაჩემი უმაღლესი კლასის მეკარე იყო და ძალიან ვამაყობ, მის სახელს რომ არ ვარცხვენ. როინ კვასხვაძე იყო საოცრად წესიერი და ვაჟკაცი პიროვნება. 

როგორ განაწყობ ხოლმე საკუთარ თავს მატჩების წინ?

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მოახლოებულ თამაშზე უნდა იფიქროს ზომიერად და არა – გადამეტებულად, რამაც იგი შეიძლება, ფსიქოლოგიურად `გადაწვას~. პირადად მე, ვცდილობ, მოვიპოვო ინფორმაცია მეტოქეზე, თუ საშუალებაა, ინტერნეტში ვნახო გუნდის თამაშის ეპიზოდები...

ეს უკვე მწვრთნელის თვისებაცაა...

ვნახოთ, როცა ფეხბურთელი აღარ ვიქნები, არც ამას გამოვრიცხავ. 

ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?

ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად ყოფნა მიყვარს. ვხატავ, ლექსებსაც ვწერ, ყოველივე ეს დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. მინდა, როგორც კი ამის დრო და საშუალება გამომიჩნდება, უმაღლესი განათლება მივიღო.

როგორც ვიცით, 2017 წელი შენთვის მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით არ ყოფილა გამორჩეული.

დიახ, ღმერთმა ჩემპიონობასთან ერთად, შვილიც მაჩუქა – სწორედ 2017-ში დაიბადა კახი კვასხვაძე. ასე რომ, უთუოდ საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ 2018 წელიც ასეთი ამაღელვებელი მომენტებით იყოს დახუნძლული როგორც ჩემთვის, ასევე ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ჩემი მთავარი ოცნებაა, საქართველო გამთლიანებული, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე კი ბედნიერი ვნახო. ვისურვებდი, რომ 2018 წელი წარმატებული ყოფილიყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის.