კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | პლეი-ოფები დრამატული მატჩებით დასრულდა

3 დეკემბერს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფების განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე მეგრული დერბი შედგა, ადგილობრივმა „მერანმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, ვანო კურდღელაშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და ერთი შეხებით მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა. თამაში მასპინძელთა შეტევებით გაგრძელდა, მარტვილელებმა პირველი ტაიმის დასრულებამდე მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები არაზუსტად მოქმედებდნენ. განსაკუთრებით კარგი მომენტი ჰქონდა ბენჯამინ ტეიდს, „მერანის“ ნიგერიელი ლეგიონერი მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩა, მაგრამ შემტევმა კარს ააცილა. ტაიმის მიწურულს ტრავმის გამო სანდო ბახიამ ნაადრევად დატოვა მოედანი, მის მაგივრად კი, თამაშში გიორგი ბუხაიძე ჩაერთო. აღნიშნულმა მომენტმა მატჩის შედეგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდა შემტევი მოედანზე აქტიურად შემოვიდა და მეორე ნახევრის საწყის წუთებზევე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 54-ე წუთზე ბუხაიძემ თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ მარტვილელებმა კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს. „კოლხეთი“ კი, ძირითადად მწვავე კონტრშეტევებით ცდილობდა საგოლე მომენტების შექმნას. „მერანს“ რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე რეალური სერგეი ტრეტიაკის მომენტი იყო. ირაკლი რუხაძის ჩაწოდების შემდეგ უკრაინელი ლეგიონერი თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხამ მოიგერია. მასპინძელთა აქტიურობამ შედეგი არ გამოიღო და 90-ე წუთზე კვლავ კოლხებმა გაიტანეს. საკუთარი გუნდის კონტრიერიში გოლად გიორგი ბუხაიძემ აქცია და დუბლი გაიფორმა. მარტვილელებმა დარჩენილ დროში გაიბრძოლეს და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ვანო კურდღელაშვილმა შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. ფოთის „კოლხეთმა“ მარტვილის „მერანი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 

ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართულმა „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონის“ დაპირისპირებამ მოლოდინი სრულად გაამართლა და გულშემატკივარმა დრამატული მატჩი იხილა. მთელი მთელი თამაშის განმავლობაში პირველ ნომრად ბათუმელები თამაშობდნენ, ბოლნისელები კი, სწრაფი კონტიერიშებით აწუხებდნენ მეტოქის დაცვას. მასპინძლებმა გოლის გატანა საწყის წუთებზევე შეძლეს, მე-8 წუთზე ქავთარაძე-კვასოვის კომბინაცია ელგუჯა გრიგალაშვილმა დააგვირგვინა შედეგიანი დარტყმით. სწრაფმა გოლმა დინამოელებზე დადებითად იმოქმედა და  მათი იერიშები კიდევ უფრო სახიფათო გახდა. 23-ე წუთზე „დინამოს“ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ ვალერიან თევდორაძის შესრულებული პენალტი თორნიკე ზარქუამ მოიგერია. მეკარის კარგმა თამაშმა ბოლნისელებს ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვა და ტაიმის მიწურულს კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. 36-ე წუთზე ტექნიკურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში „სიონს“ დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ ლაშა მანაგაძის დარტყმა ხარიხამ მოიგერია. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა „დინამო“ დიდი ძალებით უტევდა, „სიონი“ კი თავს იცავდა და კონტრშეტევებზე საკუთარი შანსების გამოყენებას ცდილობდა. ბათუმელთა შეტევებმა შედეგი 62-ე წუთზე გამოიღო, ელგუჯა გრიგალაშვილი შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და გამჭოლი გადაცემით იაროსლავ კვასოვს გაატანინა. დაფიქსირებული ანგარიში ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „დინამოსთვის“ სრულიად საკმარისი იყო და ასლან ბალაძის გუნდმა უკან დაიხია. ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და მეტოქეს აქტიურად შეუტიეს. 83-ე წუთზე დინამოელებმა შეტევაში გართული ბოლნისელების უყურადღებობით ისარგებლეს და ოთარ მარცვალაძემ საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა - 3:1. შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ზვიად სიხარულიამ მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა, სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ორ 15-წუთიან ტაიმში გუნდებმა გოლი ვეღარ გაიტანეს და გამარჯვებული გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. 11-მეტრიანები უკეთ „სიონმა“ შეასრულა, მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.  

ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „გურია“ „თელავს“ დაუპირისპირდა. მთელი მატჩის განმავლობაში ტერიოტრიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თელაველები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. 45-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილის წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში შედეგიანი დარტყმით გიორგი ნიქაბაძემ დაასრულა. მეორე ნახევარში გურულები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, 67-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან მაგლოირ ტელა გააძევა. ამის მიუხედავად ლანჩხუთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის გადარჩენაც შეეძლოთ. 82-ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 88-ეზე კი, ბექა ბაკურაძემ საკუთარ გუნდს პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა და სტანდარტის ზუსტად შესრულების შემთხვევაში „გურია“ თამაშს დამატებით დროში გადაიყვანდა. დათო მეგრელიშვილის შესრულებული 11-მეტრიანი „თელავის“ მეკარემ, ლუკა სანიკიძემ მოიგერია. დარჩენილ დროში კახელებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვეს. 

როგორც მოსალოდნელი იყო თბილისის „ნორჩმა დინამომ“ განმეორებით შეხვედრაშიც მარტივად მოახერხა ტყიბულის „მეშახტეს“ დამარცხება და ერთი რანგით მაღალი ლიგის საგზური მოიპოვა. „შატილზე“ გამართული მატჩი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:0 დასრულდა. პირველ ტაიმში თბილისელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, მე-2 წუთზე პენალტი ზუსტად გოგი ფიფიამ შეასრულა. მეორე ნახევარში დედაქალაქელთა შეტევები უფრო შედეგიანი გამოდგა. 59-ე წუთზე „მეშახტეს“ კარი იაგო დეისაძემ აიღო და სხვაობა ორამდე გაიზარდა. ამ მომენტიდან ზუსტად 9 წუთში კი, მეტოქეს გამოცდილმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა გაუტანა და საკუთარ გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მატჩის საბოლოო ანაგრიში 81-ე წუთზე დაფიქსირდა, იმერელთა კარში გატანილი მეოთხე გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული, ვანო შენგელიძე გახდა.

ფოტო - www.dinamobatumi.com