კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | 35-ე ტურის ანონსი

22 ნოემბერს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. ყველა მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს ვებ-გვერდზე შემოგთავაზებთ. 

დავით პეტრიაშვილი არენაზე თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. დინამოელთათვის აღნიშნულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბურთალოელებთან გამარჯვების შემთხვევაში კახა კაჭარავას გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებს ჩემპიონობას. თავისმხრივ „საბურთალო“ მეოთხე ადგილისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად გია ჭიაბრიშვილის გუნდს დარჩენილ ორ ტურში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდება. მიმდინარე სეზონში თბილისურ კლუბებს შორის გამართული სამი შეხვედრიდან ორი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი, საბურთალოელების. 

ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტი ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ გადაწყდა, რომ ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენად გადათამაშებაში იბრძოლებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „დინამო“ დარჩენილ ორ შეხვედრას პლეო-ოფისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. განსხვავებულ სიტუაციაში არიან ქუთაისელები. „ტორპედო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა მხოლოდ საკუთარი თამაშის შედეგზე არაა დამოკიდებული. საჩემპიონო რბოლაში დასარჩენად კახაბერ ჩხეტიანის გუნდს გამარჯვებასთან ერთად უშუალო კონკურენტის, თბილისის „დინამოს“ წარუმატებელი თამაში სჭირდება. ასეა თუ ისე იმერლებს უპირობო გამარჯვება სჭირდებათ. 

თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლებს. ბოლო ტურებში ლოკო ძალიან არასტაბილურად ასპარეზობს და ბუნებრვია ეს სატურნირო ცხრილზე აისახა. უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან თბილისელებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს და მეხუთე ადგილზე დაქვეითდნენ. მიუხედავად ამისა, „ლოკომოტივი“ მეოთხე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს და დარჩენილ შეხვედრებში გუნდი სწორედ ამ მიზნისთვის იბრძოლებს. რაც შეეხებათ იმერლებს, „სამტრედიამ“ ევროტურნირებზე თამაში უკვე გაინაღდა და მეორე ადგილზე გასვლის მიზერულ შანსსაც ინარჩუნებს.

ეროვნული ლიგის გადათამაშების ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება ფოთის „კოლხეთი“. ფოთელები „პარკი არენაზე“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებენ, დასახული მიზნის მისაღწევად მათ ფრეც ჰყოფნით. კოლხებს 23 ქულა აქვთ და უშუალო კონკურენტს, ქობულეთის „შუქურას“ 5 ქულით უსწრებენ. საჩხერელთათვის აღნიშნულ შეხვედრა სატურნირო მნიშვნელოვანი არ არის. „ჩიხურას“ არც გავარდნა ემუქრება და აღარც მეოთხე ადგილზე მოხვედრის შანსი აქვს. მოკლედ იმერლები სრულად საქართველოს თასის ფინალზე არიან გადართულნი და დარჩენილ მატჩებს სწორედ ფინალური შეხვედრისთვის მოსამსაზდებლად გამოიყენებენ. 

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „დილა“ ქობულეთის „შუქურას“ შეხვედება. გორელებმა გასულ ტურში თბილისის „ლოკომოტივის“ დამარცხებით ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდეს. თუმცა ხვალინდელი შეხვედრა მიმდინარე სეზონში „დილასთვის“ საკუთარ მოედანზე ბოლოა და აქედან გამომდინარე, გიორგი დარასელიას გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. რთულ მდგომარეობაში არიან ქობულეთელები, „შუქურა“ ეროვნული ლიგიდან პრაქტიკულად გავარდნილია და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების მიზერული შანსი აქვს. გადათამაშების ზონაში მოსახვედრად აჭარლებს საკუთარ მოგებებთან ერთად ფოთის „კოლხეთის“ წარუმატებელი თამაში სჭირდებათ.

ფოტო - www.fcdinamo.ge