კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | დინამომ ლიდერობა განიმტკიცა

28-29 ოქტომბერს ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. 

„სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბურთალოელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და მათი გამარჯვება სწორედ ამან განაპირობა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, ნოდარ იაშვილის შორეული გადაცემის შემდეგ მცველების უყურადღებობით გიორგი ხარაიშვილმა ისარგებლა და ერთი შეხებით გაიტანა. გოლიდან რამდენიმე წუთში სტუმრებს უპირატესობის კიდევ გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ლაშა შინდაგორიძის დარტყმული მეკარემ მოიგერია. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები მასპინძლებმაც შექმნეს, მაგრამ ნიკოლოზ საბანაძესა და ანტე გიის ლაზარე კუპატაძემ აჯობა. მეორე ტაიმი „საბურთალოს“ შეტევებით განახლდა და 46-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მისი თავური დარტყმა ილია სტურუამ მოიგერია. ამის შემდეგ „სამტრედია“ გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრება კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო. პირიქით, 65-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილამ მეორედ აიღო მეტოქის კარი და საკუთარ გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა. მატჩის დასრულებამდე ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი კიდევ შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 

უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაკარგა ქუთაისის „ტორპედომ“. იმერული კლუბი გორის „დილას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახერვარში სრულ უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ, მეორე ტაიმში კი, გორელებმა თამაში გამოასწორეს და თამაში მათთვის სასურველი შედეგით დაასრულეს. აღსანიშნავია „დილას“ მეკარის გიორგი ბეგაშვილის კარგი თამაში, რომელმაც რამდენი რთული ბურთი მოიგერია. შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა, პედრინიოს ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით დათო კირკიტაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით „დილამ“ ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსები მკვეთრად გაიუმჯობესა.

უშუალო კონკურენტის წარუმატებელი თამაშით თბილისის „დინამომ“ ისარგებლა. თბილისელები საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოიგეს. ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, მე-15 წუთზე შორეული დარტყმით ბაქარ ქარდავამ გაიტანა. შეხვედრა ორმხირივი შეტევებით გაგრძელდა და ტაიმის მიწურულს „დინამომ“ სხვაობა ორამდე გაზარდა. მე-40 წუთზე ლაშა თოთაძემ მორიგი ეფექტური ჯარიმა გაიტანა. მეორე ტაიმის „ჩიხურასთვის“ კარგად დაიწყო, ოთარ კვერნაძემ თოთაძის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ერთი შეხებით გაიტანა. სწრაფი გოლის მიუხედავად, საჩხერელებმა უპირატესობა ვერ მოიპოვეს და მატჩს კვლავ „დინამო“ აკონტროლებდა. კახაბერ კაჭარავას გუნდმა საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე დააფიქსირა. ოთარ კიტეიშვილის გამოზომილი გადაცემით აკაკი შულაიამ ისარგებლა, სისწრაფეში მეკარეს აჯობა და ცარიელ კარში გაიტანა. მოპოვებული სამი ქულით „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ 4 ქულიანი უპირატესობა აღადგინა და კვლავ ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება.

თბილისის „ლოკომოტივმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა. მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს მატჩის მიმდინარეობაზეც აისახა. ლოკომ მნიშვნელოვანი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგო. ორივე კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის მიუხედავად პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, 63-ე წუთზე გავიდა, ირაკლი სიხარულიძის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ნოდარ ქავთარაძე აღმოჩნდა და თბილისელთა შემტევმა ძლიერი დარტყმით გაიტანა. მატჩის მიწურულს „ლოკომოტივი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, 85-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან დავით უბილავა გააძევა. ამით ფოთელებმა ისარგებლეს და მეტოქეს აქტიურად შეუტიეს. რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად ალეკსანდრ შტელინის გუნდმა გათანაბრება ვერ მოახერხა და ეროვნულ ლიგაში დარჩენა კიდევ უფრო გაირთულა. 

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა აჭარული დერბი. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირდება არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები არაზუსტად მოქმედებდნენ. მოპოვებული ქულით ქობულეთელებმა უშუალო კონკურენტ ფოთის „კოლხეთთან“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და ეროვნული ლიგის გადათამაშებაში მონაწილეობის შანსები გაიუმჯობესა.

ეროვნული ლიგის მომდევნო, 33-ე ტურის მატჩები 4-5 ნოემბერს გაიმართება.

ფოტო - www.fcdinamo.ge