კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

დავით ვოლკოვი: ასე კომფორტულად თავი არსად მიგრძვნია

გუშინ, დედაქალაქურ დერბიში "საბურთალომ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში სარეკორდო - 6 ბურთიანი სხვაობით (6:0) დაამარცხა მეტოქე. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა საბურთალოელების ახალწვეულმა - დავით ვოლკოვმა.


- საჭირო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, თან უშუალო კონკურენტთან. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები 100 პროცენტით შევასრულეთ, რამაც განაპირობა ჩვენი გამარჯვება. სიმართლე გითხრათ, ამხელა ანგარიშით მოგებას არ ველოდი, თუმცა ჩვენთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და ასევე დასრულდა. 


- გატანილ გოლებს როგორ გაიხსენებდი?


- მესამე გოლის დროს მცველების შეცდომით ვისარგებლე და ისე გავიტანე. პირველი და მეორე ბურთები კი მთლიანად თანაგუნდელების დამსახურებაა - ჯერ ლაშა შინდაგორიძისგან მივიღე მშვენიერი გადაცემა, შემდეგ კი გიორგი ხარაიშვილისგან. 


- ერთ-ერთი გოლი გამორჩეულად აღნიშნეთ. ვის მიუძღვენით?


- ჩემს მეგობარს, ზურაბ ჯაფიაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა. მინდა მას, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.


- როგორ შეეწყვეთ ახალ კლუბს და რა განასხვავებს "საბურთალოს" წინა გუნდებისაგან?


- სიმართლე გითხრათ, ასე კომფორტულად თავი არცერთ გუნდში არ მიგრძვნია. ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდია, მოხარული ვარ თბილისურ კლუბში თამაშით.

ყველა კლუბს თავისი სათამაში სტილი აქვს. "საბურთალო" ძალიან ახალგაზრდული და მეგობრული კლუბია. ჩვენ, გამოცდილების ხარჯზე თამაშებს ვერ მოვიგებთ, რადგან გუნდის საშუალო ასაკი 20-21 წელია. ბრძოლა, შემართება, ბურთის კონტროლი, სწრაფი შეტევა, გუნდურობა - ეს ის კომპონენტებია, რომელშიც "საბურთალო" გამოირჩევა. 


- გარკვეული დროით უცხოეთში თამაშობდით (სერბეთში). რა განსხვავებებს ხედავთ, რამდენიმე წლის წინ გამართულ ჩემპიონატსა და ახლანდელ პირველობას შორის?


- შედარებით უკეთეს მინდვრებზე ხდება თამაშები. ასევე დადებითი ფაქტია ის, რომ ღამის განათების ფონზე მიმდინარეობს მატჩები. გაშუქებას უფრო მეტი დრო ეთმობა, ამით ფეხბურთელების ცნობადობა უფრო იზრდება.

 
- რეალურად "საბურთალოს" წელს რა მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია?


- სატურნირო ცხრილს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ რომ მეოთხე ადგილზე რეალურია გასვლა. თუმცა, არც სამეულია შორს. მთავარია, სტაბილურობა განვაგრძოთ და თამაშები მოვიგოთ. ვფიქრობ, თუ ჩვენი თამაში ვითამაშეთ, ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.

© fcsaburtalo.ge