კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნულ ლიგაში სეზონი უხვგოლინი ტურით განახლდა

21 ივლისს, ეროვნული ლიგა საზაფხულო შესვენების შემდეგ თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირებით განახლდა. შეხვედრა დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ანგარიში მეშვიდე წუთზე საჯარიმო დარტყმით ლაშა თოთაძემ გახსნა. პირველ ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. მე-18 წუთზე ბექა მიქელთაძემ კონსტანტინე სეფიაშვილის შეცდომით ისარგებლა და ხელსაყრელი მდგომარეობიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. 43-ეზე კი, მიქელთაძის გამოზომილი გადაცემის შედეგად მეკარესთან პირისპირ გიორგი ჩაკვეტაძე აღმოჩნდა და დინამოელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაიზარდა. მეორე ტაიმიც დედაქალაქელთა აქტიურობით დაიწყო და 53-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ დუბლის გაიფორმა. მიუხედავად კომფორტული უპირატესობისა „დინამო“ მწვავე შეტევებს განაგრძობდა და თამაშის სცენარი არ შეცვლილა. 69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი თევზაძემ „კოლხეთს“ მეხუთე გოლი გაუტანა, 87-ეზე კი, ლაშა ქოჩლაძემ მეექვსედ აიღო მეტოქის კარი. ფოთელთა მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა 70-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, იგორ ბროვკომ მოახერხა. 

მეცხრამეტე ტურის მეორე შეხვედრას სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივი „სამტრედია“ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა. შეხვედრის საწყისი წუთები ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. გადამწყვეტი გამოდგა ორწუთიანი მონაკვეთი პირველი ტაიმის მიწურულს. 32-ე წუთზე ქობულეთელი მცველების შეცდომით დავით ჯიქიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 34-ეზე კი, აჭარლებმა საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანეს. მოკლედ „შუქურას“ დაცვაში დაშვებული შეცდომები მძიმედ დაუჯდა და პირველი ნახევარი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. სამტრედიელებმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყეს, სტარტზე მესამე გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს. 49-ე წუთზე ანტე გიიმ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ მომენტის შემდეგ თამაშის ტემპი მკეთვრად დაეცა და ძირითადი ორთაბრძოლები მოედნის ცენტრი მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კიდევ ორი გოლი იხილა. ქობულეთელთა მხრიდან ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე შერმადინ ართმელაძემ გაიტანა. მე-80 წუთზე კი, ანტე გიიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოლოდინისამებრ საინტერესო შეხვედრა გაიმართა ივანწმინდაში. სადაც ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები მრავლად შეიქმნა და მაყურებელმა სანახაობრივი შეხვედრა იხილა. ანაგრიში 33-ე წუთზე გაიხსნა. ლევან კაკუბავას წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად მიშიკო სარდალიშვილმა შეასრულა. ამ მომენტიდან ზუსტად 6 წუთში ბაქარ მირცხულავამ თავური დარტყმით გაიტანა და იმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. „დილამ“ სხვაობის შემცირება მალევე მოახერხა, 42-ე წუთზე დინო ჰამზიჩმა კვახაძის დარტყმული რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ირაკლი მოდებაძემ დაასწრო და 2:1. გორელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 45-ე წუთზე სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე კვლავ ორბუთიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. 69-ე წუთზე ივანიშვილი-ფონიავას სწრაფი კომბინაცია მიშიკო სარდალიშვილმა დააგვირგვინა და ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. 88-ეზე კი, სალიეუ ტარავალიემ ეფექტური დარტყმით საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა - 4:2.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ ქალაქში დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო. ბათუმელებმა თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლეს და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს მეტოქე. მიუხედავად მინიმალური ანგარიშისა გულშემატკივარმა ძალიან საინტერესო შეხვედრა იხილა. მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს ხან სიზუსტე არ ჰყოფნიდათ ხან მეკარეები თამაშობდნენ ზუსტად. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვებით „დინამომ“ 20 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ფოთის „კოლხეთს“ სამი ქულით გადაასწრო.

ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში გაიმართა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის „საბურთალო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში სრულ უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ, მეორე ტაიმში კი, თბილისელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ. საბოლოოდ გამარჯვება იმერლებს დარჩათ. „ტორპედომ“ მეტოქე 2:1 დაამარცხა და ლიდერ თბილისის „დინამოსთან“ ექვსქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. ტორპედოელთა მხრიდან დუბლით გრიგოლ დოლიძე გამოირჩა. შემტევმა პირველი გოლი გუგა ფალავანდიშვილის შესანიშნავი გადაცემის შედეგად გაიტანა. მეორე შემთხვევაში კი, საჯარიმო დარტყმით აიღო მეტოქის კარი. რაც შეეხება საბურთალოელთა გოლს, ის მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გიორგი კოხრეიძის გამოზომილი გადაცემის შედეგად გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.

ეროვნული ლიგის მომდევნო, მე-20 ტურის, მატჩები 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება.

ფოტო: www.fcdinamo.ge