კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ირაკლი სიხარულიძე: ინტერვიუ ბომბარდირთან

ეროვნული ლიგის ორი წრის შემდეგ ბომბარდირთა დავას სათავეში ირაკლი სიხარულიძე უდგას, თბილისის ლოკომოტივის 26 წლის თავდამსხმელი, რომელმაც 18 მატჩში 15 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.


ვნახოთ, შეძლებს თუ არა ირაკლი კარიერაში პირველად ჩვენი ჩემპიონატის ბომბარდირობას, დღეს კი უკვე ფაქტია, რომ იგი ეროვნული ლიგის გამორჩეული ფორვარდია.

ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე ხარ, არც ლოკომოტივისთვის არის ურიგო შედეგი მეოთხე პოზიცია...


პირველ რიგში, ჩემთვის პრიორიტეტული გუნდის შედეგია. კარგი სტარტი გვქონდა, თუმცა მერე ჩავარდნა დაგვეწყო და ზედიზედ ხუთი თამაში წავაგეთ. თუმცა მთლიანობაში, პირველ ორ წრეში ამოცანას თავი გავართვით – მიზანი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა იყო, ჩვენ კი მეორე წრე მეოთხე ადგილზე დავასრულეთ. თუმცა სტარტიდან გამომდინარე, მეტის მიღწევაც შეგვეძლო.

თუ წარმოიდგენდი, რომ სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იქნებოდი?

გავიმეორებ, რომ პირველ პლანზე გუნდის წარმატებას ვაყენებ, მაგრამ თავდამსხმელი ვარ და გოლების რაოდენობაზეც უნდა ვიფიქრო. შედეგიანი სეზონები წინა წლებშიც მქონია, თუმცა საუკეთესო ბომბარდირი არასდროს ვყოფილვარ. რაკი სეზონი ჩემთვის ასე შედეგიანად მიმდინარეობს, რატომაც არა, ვიბრძოლებ საუკეთესო ბომბარდირობისთვის. ამ ბრძოლაში ჩემი თანაგუნდელებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობ. თანაც, ჩემი მეგობრები ეროვნული ლიგის "ფენტეზიში" აქტიურად არიან ჩართულები, თავიანთი ვირტუალური გუნდების კაპიტნად სიხარულიძე ჰყავთ არჩეული და არ მინდა, იმედები გავუცრუო (იცინის).

საკმაო ხნის განმავლობაში ბომბარდირთა დავაში კონკურენციას გიწევდა თანაგუნდელი მამია გავაშელიშვილი.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, პარტნიორები და მეგობრები ვართ, ერთად ვიბრვით ლოკომოტივის გამარჯვებებისთვის, თუმცა ისიც კარგია, ერთი გუნდიდან ორი თავდამსხმელი რომ არის სნაიპერთა რბოლაში ჩართული. ერთმანეთთან იოლად გამოვნახეთ საერთო ენა და ვფიქრობ, პროდუქტიული წყვილი შევქმენით. საერთოდ, ყოველთვის მირჩევნია, ჩემმა გუნდმა ორი თავდამსხმელით ითამაშოს, თავს ასე კომფორტულად ვგრძნობ. სამწუხაროდ, მამიას ტრავმის გამო ბოლო მატჩები გაუცდა, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება და ძალიან გამეხარდება, პირად მონაგარს ძველებური ტემპით თუ გაზრდის.

პირველი სეზონია, რაც გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობ. 

იგი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელია, თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით. სამწუხაროდ, ადრე მის გუნდში არასდროს ვყოფილვარ. მისგან ფეხბურთელს ბევრის სწავლა შეუძლია. გარდა ამისა, დევდარიანს აქვს გუნდში მეგობრული გარემოს შექმნის უნარი. ლოკომოტივში თამაშობენ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები, თუმცა ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობა, გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა. პირადად ჩემთვის მწვრთნელის ნდობა ბევრს ნიშნავს და ეს ძალიან მეხმარება შესაძლებლობების წარმოჩენაში.

არის ევროსაგზურის მოპოვება ლოკომოტივის კონკრეტული მიზანი?

გადაჭრით არავის უთქვამს, რომ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ევროტურნირებზე, მაგრამ რაკი სეზონის პირველი ნახევარი საუკეთესო ოთხეულში დავასრულეთ, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ამაზე? ვგრძნობთ, რომ ეს შეგვიძლია. 

ჩემპიონატის ახლებურ ფორმატს როგორ აფასებ?

გუნდების რაოდენობის შემცირებამ დაძაბულობის ზრდა მოიტანა. აბსოლუტურად ყველა მეტოქესთან ძალიან ძნელია შედეგის მიღწევა, ყველა იბრძვის. თამაშის ხარისხის ამაღლებას უცებ ვერ მივაღწევთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სწორი გზით მივდივართ. მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურული პრობლემები, კარგი იქნება, თუ ეროვნული ლიგის არც ერთი მატჩი ხელოვნურ საფარზე არ ჩატარდება. დისკომფორტს მიქმნის ის, რომ ჩემპიონატის მატჩებზე ცოტა მაყურებელი დადის. სამტრედიაში თამაშისას სავსე სტადიონს მივეჩვიე – ფეხბურთელი ასეთ დროს მოედანზე სულ სხვა მუხტითა და პასუხისმგებლობით გადის.

ლოკომოტივი შენთვის მერვე ქართული გუნდია. გუნდების ცვლილება შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება თუ თავად ეძებ ხოლმე სიახლეებს?

როცა რომელიმე გუნდში თავს კომფორტულად გრძნობ, სხვაგან წასვლა არ მოგინდება. ბევრ ქართველ ფეხბურთელს უწევს კლუბების შეცვლა, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ფინანსურია. ლოკომოტივიდან წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. 

მიმდინარე სეზონის გარდა, კიდევ რომელ პერიოდს გამოარჩევდი შენი კარიერიდან?

გავიხსენებდი რუსთავის მეტალურგში ჩატარებულ სეზონს, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჩავატარე მეც და გუნდმაც. ბოლო ტურამდე ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის, გვეგონა, რომ გავხდით ჩემპიონები, მაგრამ მერე ძველი ფედერაციის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილს დავჯერდით. ზოგადად კი, ყველა კლუბმა რაღაც შემძინა, ვიმუშავე ბევრ საინტერესო მწვრთნელთან, ვითამაშე არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის მხარდამხარ.

საქართველოს ჩემპიონატში უკვე დიდი ხანია, თამაშობ. არ გქონია კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების რეალური შანსი?

გულწრფელად გეტყვით, რომ არ მქონია. ჩემს ასაკში უკვე ძნელია ძლიერ ლიგაში გადასვლა, სუსტ ჩემპიონატში წასვლას კი ისევ საქართველოში თამაში მირჩევნია. ვიღაცას მიაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში კატასტროფული დონეა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. მე პირადად, ჩვენს ჩემპიონატში თამაშის მოტივაცია საკმარისი მაქვს. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთისგან შედგება, არც რეჟიმის დაცვა მიჭირს და ვარჯიშებზეც დიდი შემართებით დავდივარ, მატჩებზე აღარაფერს ვამბობ.

რომელი თავდამსხმელია შენთვის მისაბაძი?

დღეს კლასიკური ფორვარდები უკვე ნაკლებად გვხვდებიან, თავდამსხმელის მოქმედების არეალი საგრძნობლად არის გაზრდილი. კრიშტიანო რონალდუ ჩემთვის ამ მხრივ სამაგალითოა. ძველი ფორვარდებიდან ბრაზილიელი რონალდო იყო იდეალური, ასევე ძალიან მომწონდა ესპანეთის ნაკრების შემტევი დუეტი – ტორესი-ვილია. ზოგადად კი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდინიო იყო.

ვლადიმირ ვაისი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს პერიოდულად შანსს აძლევს. გაქვს იმედი, რომ ერთ დღეს შენც მოხვდები მის რჩეულებში?

-    ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში ერთხელ მოვხვდი, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ალბათ, მაშინ სხვები მჯობდნენ. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა კი ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ.

© www.eliga.ge