კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

დინამომ ქართული დერბი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

20-21 ივნისს, ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საჩხერის „ჩიხურამ“ ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. შეხვედრა თბილისური გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა, ვატო არველაძის პასის შედეგად ირაკლი სიხარულიძემ პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა. ლოკოს მეორე გოლიც არველაძე-სიხარულიძის კომბინაციას მოჰყვა. 43-ე წუთზე ეროვნული ლიგის ბომბარდირი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მიმდინარე სეზონში მე-15 გოლის გატანა არ გასჭირვებია. საბოლოო შედეგი მეორე ტაიმის სტარტზევე დაფიქსირდა. 51-ე წუთზე გიორგი დიასამიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავის ყოფილ გუნდს გიორგი რეხვიაშვილმა გაუტანა. ამ გამარჯვებით „ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ლიდერთა სამეულთან ექვსქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. 

დრამატული გამოდგა „სამტრედიისა“ და გორის „დილას“ დაპირისპირება. მასპინძლები ორჯერ მარცხდებოდნენ, მაგრამ მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ 3:2 იმარჯვეს. ანგარიში მატჩის დაწყებიდან ათ წუთში გაიხსნა. ფლავიო ნუბიოს დარტყმული ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას ჟან დერეტიმ დაასწრო და სტუმრები დააწინაურა. სამტრედიელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, 24-ე წუთზე ჯემალ გოგიაშვილის გადაცემით გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა. შეხვედრა ორმხირივი შეტევებით გაგარძელდა და მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მიუხედავად ამისა პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანაგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმი გორელთა აქტიურობით დაიწყო და 51-ე წუთზე დერეტიმ დუბლი გაიფორმა. ტერიტორიულ უპირატესობას „დილა“ დაეუფლა და „სამტრედია“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა დავით ჯიქიას, მაგრამ გურამ სამუშია პასის შემდეგ მას მეტოქე გუნდის მცველებმა დაასწრეს. იმერლებმა მაინც გაათანაბრეს, 81-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილის გრძელი გადაცემის შედეგად დავით რაჟამაშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან ერთიერთზე დარჩენილმა მარტივად გაიტანა. გოლიდან ზუსტად სამ წუთში ქართლელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. არბიტრმა მოედნიდან გიორგი პაპავა გააძევა. ამის შემდეგ სრული სათამაშო ინიციატივა სამტრედიელთა მხარეს გადავიდა და 87-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა. 

ქობულეთის „შუქურამ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალო“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ქობულეთელები კარგად კომბინირებდნენ და სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ. მეორე ტაიმში კი, მატჩის სცენარი შეიცვალა და უპირატესობა საბურთალოელებმა მოიპოვეს. აღსანისნავია ისიც, რომ 51-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითლის გამო „საბურთალოს“ ნახევარმცველი ელვინ ტერა გააძევა და დარჩენილ დროში თბილისელებმა 10-კაციანი შემადგენლობით იასპარეზეს. შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა. ლევან საბაძის გამოზომილი პასის შედეგად თავური დარტყმით ლევან კუტალიამ გაიტანა. სტუმრებმა წონასწორობა 64-ეზე აღადგინეს, ანდრო სოფრომაძის ჩაწოდებით ვლადიმერ მამუჩაშვილმა ისარგებლა და თავით გაიტანა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა, 84-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა შეაგდო.

დაძაბული გამოდგა ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართული შავიზღვისპირა დერბი. ბათუმის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირებაში გოლი არ გასულა, მაგრამ გულშეტკივარმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. მომენტები ორივე გუნდის კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა, თუმცა გადამყვეტ მომენტში ფეხბურთელებს ხან სიზუსტე არ ჰყოფნიდათ ხანაც მეკარეები თამაშობდნენ კარგად. ბათუმელთა მხრიდან კარგი შანსები ჰქონდათ გიორგი ქავთარაძესა და იაროსლავ კვასოვს. ფოთელთა მხრიდან კი, გოლი გატანის ყველაზე რეალური შანსი არფანგ დაფეს ჰქონდა. საბოლოოდ გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს და სატურნირო ცხრილში საკუთარი ადგილი შეინარჩუნეს. 

ქართულმა დერბიმ საკუთარი სტატუსი კიდევ ერთხელ გაამართლა და გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა. პირველი ნახევარი არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა. გუნდებს დაძაბულობა ეტყობოდათ და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საინტერესო მომენტი მაინც შეიქმნა. ორი კარგი შანსი ჰქონდა ბაჩანა არაბულს, თუმცა ორივე შემთხვევაში მცველებმა მისი დარტყმული კუთხურზე მოიგერიეს. ქუთაისელები გატანას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ, თუმცა მერაბ გიგაურისა და გიორგი კუხიანიძის მცდელობები უშედეგო გამოდგა. ანგარიში ტორპედოელებმა გახსნეს - პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, სერგი ლიტოვჩენკომ ბექა ტუღუშის ჩაწოდებული ბურთი ვერ შეიმაგრა, გადმოვარდნილი ბურთი კი, გრიგოლ დოლიძეს მიუვიდა და გამოცდილმა შემტევმა ცარიელ კარში გაიტანა. მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა - დედაქალაქელებმა აქტიურად შეუტიეს და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, ქუთაისელებმა კი, საკუთარი თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. „დინამოს“ აქტიურობამ შედეგი 50-ე წუთზე გამოიღო, გიორგი პაპუნაშვილმა საშუალო დისტანციიდან ზუსტად დაარტყა და როინ კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა. გატანილი გოლის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. კარგი მომენტი ჰქონდა საბა ლობჟანიძეს. შემტევმა ტექნიკის ხარჯზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, სწრაფი იერიში წამოიწყო და მომენტს თავადვე ასრულებდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს. ლობჟანიძის აქტიურობამ შედეგი სხვა მომენტში გამოიღო. 66-ე წუთზე ახალგარზდა ნახევარმცველის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში დავით ხურციძემ ჩაჭრა. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. როინ კვასხვაძემ ბექა მიქელთაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, სერგი ლიტოვჩენკომ კი, ახლო მანძილიდან თორნიკე კაპანაძეს აუღო. ამ გამარჯვებით „დინამომ“ 43 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევართან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა და ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა. 

მე-18 ტურის მატჩებით ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა და ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა. როგორც უკვე მოგახსენეთ ორი წრის შემდეგ ლიგას 43 ქულით თბილისის „დინამო“ ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებს კი, 37 და 33 ქულით შესაბამისად ქუთასის „ტორპედო“ და „სამტრედია“ იკავებენ. 

ეროვნული ლიგა მესამე წრის შეხვედრით 21 ივლისს განახლდება.

ფოტო: www.fcdinamo.ge