კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | მეხუთე ტურის ანონსი

4-5 აპრილს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. 

ცენტრალურ დაპირისპირებას 5 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. საჩხერლებს შვიდი ქულა აქვთ და მეორეზე არიან, დინამოელები კი - ექვსი ქულით მეხუთეზე არიან. კლუბების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში შედგა და იმერელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ზოგადად კი „დინამოსა“ და „ჩიხურას“ ერთმანეთის წინააღმდეგ 29 შეხვედრა აქვთ გამართული. აქედან 17 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 7 ფრედ დასრულდა, 5-ში კი საჩხერლებმა გაიმარჯვეს. 

ამავე დღეს, ქობულეთის „ჩელე არენაზე“ აჭარული დერბი გაიმართება: ბათუმის „დინამო“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის გასულ ტურში ბათუმელებმა საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხეს და საჭირო სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ქობულეთელებმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმეს და 2 ქულით გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ „დინამო“ „შუქურასთან“ 1993/94 წლების სეზონის შემდეგ არ დამარცხებულა. ამ პერიოდში გუნდებმა ოთხი შეხვედრა გამართეს, აქედან ორი ბათუმელებმა მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. 

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. თბილისელებს მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტარტი აქვთ და 9 ქულით გათამაშებას ლიდერობენ. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონი კი არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება და ოთხი ქულით გორის „დილასთან“ ერთად მე-8 მე-9 ადგილებს იყოფს. აღნიშნულიდან გამომდინარე „მიხეილ მესხზე“ დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი. 

4 აპრილს ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება. 

მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფოთის „კოლხეთი“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. თბილისელებმა საწყის ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვეს და გათამაშებასაც ლიდერობდნენ, მაგრამ ამის შემდეგ გამართულ ორ შეხვედრაში ერთი ქულა აიღეს და შვიდი ქულით მესამეზე არიან. რაც შეეხებათ ფოთელებს: მათ ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან 2 მოიგეს და მოპოვებული 6 ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ. შესაბამისად „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან, ეს კი თამაშს დამატებით ინტრიგას სძენს. 

საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ ქუთაისის „ტორპედო“ გორის „დილას“ მიიღებს. ეროვნული ლიგის გასული ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. ქუთაისელებმა სტუმრად „ლოკომოტივთან“ ფრედ 1:1 ითამაშეს, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოსთან“ მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგეს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, ტორპედოელებს 5 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან, გორელებს კი - 4 და მერვე პოზიციას იკავებენ.

ფოტო: www.fcdinamo.ge