კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | მეორე ტური და თბილისური დერბი

10-11 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

10 მარტს, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის პირველი შეხვედრა ჩატარდა.

ქობულეთის „შუქურამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩი ქუთაისელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ქობულეთელები ძირითადად კონტშეტევებზე მოქედებდნენ. ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, ლევან კუტალიამ გიორგი გურულის შეცდომით ისარგებლა, ბურთი აართვა და პასი კობა შალამბერიძეს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი, ერთი შეხებით დაარტყა და როინ კვასხვაძეს ახლო მანძილიდან გაუტანა. გაშვებული გოლიდან რამდენიმე წუთში ქუთაისელთა შემტევი, გრიგოლ დოლიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა და კარს ააცილა. მე-14 წუთზე კი, იმავე დოლიძემ საჯარიმოში ჩააწოდა გამოსვლაზე აჭარალეთა მეკარე, აზამატ ჯიოევი შეცდა და ბექა ტუღუშმა ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.

მატჩის მეორე ნახევარში „ტორპედო“ აქტიურად უტევდა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. მწვავე კონტრშეტევების წყალობით კი, მომენტები „შუქურამაც“ შექმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისმა უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის პირველი თბილისური დერბი გაიმართა. „ლოკომოტივმა“ „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ორივე გუნდის კართან საკმაოდ ბევრი მომენტი შეიქმნა. ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გავიდა, ირაკლი კომახიძის გამოზომილ ჩაწოდებას საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილი ნოდარ ქავთარაძე გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან სერგი ლიტოვჩენკოს აუღებელი დაურტყა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები უფრო აქტიურად შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაზე რეალური მომენტი რისი შექმნაც მათ შეძლეს საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ოთარ კიტეიშვილმა არაზუსტად შეასრულა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და ლოკომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

უხგოლიანი შეხვედრა გაიმართა ქობულეთში. „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. პირველ ნახევარში ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ტაიმი მაინც გატანილი გოლები გარეშე დასრულდა. ანგარიში 59-ე წუთზე გაიხსნა, ფოთელთა სენეგალელმა ლეგიონერმა, არფანგ დაფემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და გიორგი ჯანელიძეს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, გამოზომილი დარტყმით დაბალ კუთხეში გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგმ „კოლხეთმა“ კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვა და 72-ე წუთზე ჯანელიძემ დუბლის გაფორმებაც მოახერხა. შეხვედრაში წერტილი არფანგ დაფემ დასვა, შემტევმა 81-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით მოახერხა ლაზარე კუპატაძის კარის აღება.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუხვდა. მოლოდინისამებრ დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში საჩხერლებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი გოლი 67-ე წუთზე გიორგი კორიფაძის ანგარიშზეა, „ჩიხურას“ მცველმა მახვილი კუთხიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით მოახერხა გატანა. გოლამდეც და გოლის შემდეგაც ორივე გუნდის კართან საკმაო რაოდენობის რეალური მომენტები შეიქმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და შესაბამისად შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.

პირველი საშინაო შეხვედრა გამართა გორის „დილამ“. გორელებმა საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. დინამოელებმა გამარჯვების გოლის გატანა მატჩის მიწურულს მოახერხეს, ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბათუმელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, იაროსლავ კვასოვმა ერთი შეხებით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა. ორ მატჩში მოპოვებული ერთი გამარჯვებით „დინამო“ ცხრილში მეოთხეა, „დილას“ კი, ერთი ქულა აქვს და ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება.