კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

პლეი-ოფის გადამწყვეტი მატჩები!

3 დეკემბერს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფების განმეორებით მატჩები გაიმართება. 

ლანჩხუთის „გურია“ საკუთარ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „თელავს“ უმასპინძლებს. წყვილის პირველი შეხვედრა თელაველთა სრული უპირატესობით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ლანჩხუთელებს იმ მატჩში ძალიან გაუმართლათ. გივი ჩოხელის სტადიონზე გამართული შეხვედრა კახელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. „გურიამ“ სტუმრად გოლის გატანა მოახერხა და ბუნებრივია ეს მას გარკვეულ უპირატესობას აძლევს, თუმცა „თელავმა“ პირველი დაპირისპირება დამაჯერებლად მოიგო და გიორგი დეკანოსიძის გუნდი ლაჩხუთშიც იგივეს გაკეთებას შეეცდება. 

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე საპლეი-ოფო წყვილის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. თბილისის „ნორჩმა დინამომ“ ტყიბულის „მეშახტე“ სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პირველ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტყიბულელებმა განმეორებითი მატჩის სასურველი სხვაობით მოგება მოახერხონ. თუმცა მომავალი მატჩი იმერელთათვის ლიგაში ადგილის შენარჩუნების ბოლო შანსია და აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ „მეშახტეს“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გააკეთებენ. პირველ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ტყიბულელებს ვილენ ჭრელაშვილი დააკლდებათ. 

საინტერესო დაპირისპირება გაიმართება მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე. ადგილობრივი „მერანი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. წყვილის პირველი შევედრა ფოთელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მარცხის მიუხედავად „პარკი არენაზე“ გამართულ მატჩში ცუდად არც მარტვილელები გამოიყურებოდნენ. მიხეილ მახვილაძის გუნდმა კოკა სეფიაშვილის კარს რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდ შეუტია. საკუთარი სტადიონი და სტურმრად გატანილი გოლი „მერანს“ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს. თუმცა რაც არ უნდა იყოს „კოლხეთს“ პირველი დაპირისპირება მოგებული აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მარტვილელებს უპირობო გამარჯვება სჭირდებათ. 

წლევანდელი სეზონის პლეი-ოფის ბოლო შეხვედრა ბათუმის „რაგბი არენაზე“ გაიმართება. ადგილობრივი „დინამო“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება. გუნდების პირველი შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. აქედან გამომდინარე, გულშემატკივრები განმეორებითი მატჩისგან კიდევ უფრო მეტს ელიან. ბოლნსიში გამართული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა სტუმრად ორი გოლის გატანა მოახერხეს წყვილის პირველი შეხვედრა შეგვიძლია „სიონის“ აქტივში შევიტანოთ. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა მეტოქე თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა და უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლო. ასეა თუ ისე „დინამო“ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების რეალურ შანსს ინარჩუნებს და ბუნებრივია საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დინამოელები კიდევ უფრო დიდი მოტივაციით შეეცდებიან დასახული ამოცანის შესრულებას.