კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | პლეი-ოფები იწყება

29-30 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის და ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართება. 

„თელავი“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს. კახეთის უდიდეს ქალაქში ახალი საფეხბურთო კლუბი 2016 წელს დაარსდა. „თელავმა“ გარდამავალ ჩემპიონატში რეგიონულ ლიგის აღმოსავლეთ ზონის „დ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება ასე მოიპოვა. 2017 წლის სეზონი კახელებმა სტაბილურად ჩაატარეს და გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულეს. „თელავი“ მოახლოვებულ პლეი-ოფს კარგ ფორმაში ხვდება, გიორგი დეკანოსიძის გუნდს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. რაც შეეხება „გურიას“, ლანჩხუთელებს კლუბის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სეზონი ჰქონდათ და ეროვნული ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულეს. ბოლო ტურებში გუნდმა თამაში აშკარად გამოასწორა, თუმცა გადათამაშების ზონიდან თავის დასაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება. ტყიბულელებმა გადათამაშებაში ასპარეზობის უფლება დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს. ეროვნული ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურამდე იმერული კლუბი მეათე ადგილს იკავებდა. თუმცა 36-ე ტურში „მეშახტემ“ „რუსთავი“ დაამარცხა, მისმა უშუალო კონკურენტმა, „ზუგდიდმა“ კი, მარტვილის „მერანთან“ წააგო და ამის წყალობით ტყიბულელებმა გათამაშება მეცხრე ადგილზე დაასრულეს. განსხვავებული მდგომარეობაა თბილისელთა მხარეს, „ნორჩი დინამო“ მთელი სეზონი განმავლობაში დამაჯერებლად ასპარეზობდა და ლიგა 3-ის გამარჯვებულ თბილისის „შევარდენი 1906-ს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა. თბილისური კლუბი ძირითადად გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები 30 ნოემბერს გაიმართება. 

ბოლნისის „სიონი“ საკუთარ „თამაზ სტეფანიაზე“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. ბოლნისელები ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან 2016 წელს გარდამავალი ჩემპიონატიდან გავარდნენ. თუმცა გუნდმა ერთი რანგით დაბალ ლიგაში კარგად იასპარეზა და უძლიერესთა შორის დაბრუნების შესანიშნავი შანსი აქვს. წარმატებული სეზონის მიუხედავად ბოლო პერიოდში „სიონი“ არასტაბილურად ასპარეზობს, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ზედიზედ სამი შეხვედრაში დამარცხდა. ცუდი სეზონი ჰქონდა ბათუმის „დინამოს“. ეროვნული ლიგის სტარტზე ბათუმელები ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა „დინამომ“ გულშემატკივრის იმედი ვერ გაამართლა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის უწევს ბრძოლა. გუნდმა სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი რამდენჯერმა გამოიცვალა, საპლეი-ოფო მატჩებისთვის კი, აჭარლებს გამოცდილი, ასლან ბალაძე ამზადებთ. 

ფოთის „პარკი არენაზე“ მეგრულ დერბიში ადგილობრივი „კოლხეთი“ მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება. ჩაგდებული სეზონის მიუხედავად ფოთელებს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების შანსი ეძლევათ და ბუნებრივია ალეკსანდრ შტელინის გუნდი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. მითუმეტეს, რომ გუნდის უკრაინელი ლეგიონერები ალეკსანდრ დერებჩინსკი და იგორ ბროვკო კარგ ფორმაში შევიდნენ. კონსტანტინე სეფიაშვილთან ერთად სწორედ მათი დამსახურებაა, რომ „კოლხეთმა“ გადათამაშების ზონაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. რაც შეეხება „მერანს“, მარტვილელებს კარგი სეზონი ჰქონდათ. ისინი თითქმის მთელი სეზონი ლიდერობდნენ ეროვნულ ლიგა 2-ში. თუმცა გათამაშების დასკვნითი ნაწილი არასტაბილურად ჩაატარეს, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და ლიდერობა „რუსთავს“ დაუთმეს. რაც არ უნდა იყოს მარტვილელთა მიზანი უცვლელია, „მერანს“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება სურს და ამითვის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. 

ფოტო - www.sionibolnisi.com