კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ჩემპიონი ქართულ დერბიში გამოვლინდება

22 ნოემბერს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩები გაიმართა. 

უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა თბილისის „დინამომ“. დედაქალაქურ დერბიში დინამოელები „საბურთალოს“ დაუპირისპირდნენ და ფრედ 0:0 ითამაშეს. კახაბერ კაჭარავას გუნდს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. განსაკუთრებით კარგი მომენტები ჰქონდათ ბექა ქავთარაძესა და ლაშა ქოჩლაძეს, თუმცა შემტევებმა გატანა ვერ მოახერხეს. მეტოქის მსგავსად საკუთარი მომენტების გამოყენება ვერც საბურთალოელებმა შეძლეს. მათი მხრიდან გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა გიორგი ხარაიშვილსა და დავით ვოლკოვს ჰქონდათ. მოპოვებული ქულით „საბურთალომ“ მეოთხე ადგილი გაინაღდა და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ გახდება არსებობის განმავლობაში პირველად თბილისური კლუბი ევროტურნირებზე იასპარეზებს. 

უშუალო კონკურენტის წარუმატებელი თამაშით ისარგებლა ქუთაისის „ტორპედომ“ და არსებული ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გატანა ორივე გუნდს შეეძლო. მეორე ნახევარში კი, სრული უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება არ გასჭირვებიათ. „ტორპედომ“ მატჩის ბედი 6-წუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა. 47-ე წუთზე ლევან კუტალიას გადაცემით თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა. 53-ეზე კი, ამჯერად გრიგოლ დოლიძის პასით კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოპოვებული სამი ქულით ქუთაისურმა კლუბმა თბილისის „დინამოსთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და ჩემპიონობისთვის ბოლო ტურში ქართულ დერბიში იბრძოლებს. 

დამაჯერებელად მოიგო საჩხერის „ჩიხურამ“. საჩხერელები სტუმრად ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდნენ ანგარიშით 4:0 დაამარცხეს მეტოქე. სატურნირო თვალსაზრისით აღნიშნული შეხვედრა ფოთელებისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კოლხებმა იმერლებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და უშანსოდ დამარცხდნენ. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 41-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა. მეორე ნახევარიც საჩხერელთა შეტევებით განახლდა და 48-ე წუთზე გიორგი გაბედავამ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. „ჩიხურამ“ მატჩის დასრულებამდე კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 55-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიფორმა დუბლი, 62-ეზე კი, გიორგი გაბედავამ.

„კოლხეთის“ მარცხით ისარგებლა ქობულეთის „შუქურამ“ და აჭარლებმა გადათამაშების ზონაში მოხვედრის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნეს. გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა და გიორგი შაშიაშვილის გუნდს კარგი შანსი აქვს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძოლოს. რაც შეეხება უშუალოდ 35-ე ტურის შეხვედრას, „შუქურა“ სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპრიდა და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგო. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ორივე კართან საკმაოდ ბევრი მომენტი შეიქმნა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარეთა კარგი თამაში, მიხეილ მუჯრიშვილმა და გიორგი სომხიშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერიეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გავიდა. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით კობა შალამბერიძემ დაასრულა. 

უხვგოლიანი გამოდგა მიხეილ მესხი სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული თბილისის „ლოკომოტივისა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირდება. თბილისელები 2:5 დამარცხდნენ და მეოთხე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 25-ე წუთზე ზუსტი შორეული დარტყმით ვატო არველაძემ გაიტანა. თბილისელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა და 30-ე წუთზე გიული მანჯგალაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ლაშა კასრაძემ წონასწორობა აღადგინა. პირველი ნახევრის დასრულებამდე „სამტრედიამ“ დაწინაურებაც მოახერხა, 37-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით გიული მანჯგალაძემ გაიტანა. წაგებული ტაიმის შემდეგ ლოკომ მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და 54-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. თბილისელთა მხირდან გატანილი გოლის ავტორი ლუკა კიკაბიძე გახდა. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა გატანა მხოლოდ სამტრედიელებმა მოახერხეს. 68-ე და 72-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა დუბლი გაიფორმა. 88-ეზე კი, მანჯგალაძემ რევაზ თევდორაძეს მეორედ გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა. 

ეროვონული ლიგის მიმდინარე სეზონი ბოლო, 35-ე ტურის მატჩები 25-26 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის საქართველოს ჩემპიონის ვინაობა 26 ნოემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ გასამართ ქართულ დერბიში გაირკვევა. თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.