კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ცენტრალურ მატჩს დინამო არენა უმასპინძლებს

22-23 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართება. 

ტურის პირველ შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებს. ბათუმელები უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, ამ მიზნის მისაღწევად კი, დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდებათ. 30 ტურის შემდეგ „დინამოს“ 32 ქულა აქვს, მერვე ადგილზეა და უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“, ორი ქულით ჩამორჩება. განსხვავებული მდგომარეობაა საჩხერელთა მხარეს, სოსო ფრუიძის გუნდს ლიგიდან გავარდნა არ ემუქრება. ევრო ტურნირებზე მოხვედრას კი, იმერული კლუბი საქართველოს დავით ყიფინის სახელობის თასის მოგებით გეგმავს. შეგახსენებთ, თასის ნახევარფინალში 1 ნოემბერს „ჩიხურა“ მესამე ლიგელ ხონის „იმერეთს“ დაუპირისპირდება.

31-ე ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება. 

ფოთის „პარკი არენაზე“ ადგილობრივი „კოლხეთი“ უშუალო კონკურენტს, ქობულეთის „შუქურას“, უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა შვიდი ქულაა. ფოთელები 20 ქულით მეცხრე ადგილზე არიან, ქობულეთები კი, 13 ქულით ბოლო, მეათე ადგილს იკავებენ. სატურნირო თვალსაზრისით მოახლოვებულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში „კოლხეთი“ გადათამაშებაში მონაწილეობისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, მარცხის შემთხვევაში კი, ცხრილის ქვედა ნაწილში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და „შუქურას“ ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსები გაიზრდება. 

თბილისის „საბურთალო“ მიხეილ მესხის სახელოbის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გორის „დილას“ დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ, 31-ე ტურის შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს კი, ორივე მათგანისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება. საბურთალოელები ევრო ტურნირებზე მოსახევედრად იბრძვიან, გორელები კი, ეროვნულ ლიგაში დასარჩენად. თბილისელები მთავარი კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩებიან. გორელები კი, ამდენივე ქულით უახლოეს მდევარს უსწრებენ. გასულ ტურში გუნდებმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს, „საბურთალომ“ თბილისურ დერბიში „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ფრედ 1:1 ითამაშა. „დილამ“ კი, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დრამატულ მატჩში, ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, ეს კი, შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს. 

საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. ადგილობრივი „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. ქუთაისელებს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ლოკომ კი, გასულ ორ ტურში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და დასახული მიზნის მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდება. მიმდინარე სეზონში ქუთაისურ და თბილისურ კლუბებს შორის გამართული სამი შეხვედრიდან ერთი „ტორპედომ“ მოიგო, ერთი „ლოკომოტივმა“ ერთი კი, ფრედ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მესამე წრის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო 31-ე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ტურის ბოლო და ცენტრალურ მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს. გათამაშების ლიდერი თბილისის „დინამო“ მესამე ადგილოსან „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. ზედიზედ ოთხი მოუგებელი შეხვედრის შემდეგ თბილისელებმა თამაში გამოასწორეს და ბოლო ორ ტურში მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს. თავისმხრივ კარგ ფორმაში არიან სამტრედიელები, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გამართული სამი მატჩიდან იმერლებმა ორი მოიგეს და ერთი ფრედ ითამაშეს. მნიშვნელოვან შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, დისკვალიფიკაციის გამო „დინამოს“ აკაკი შულაია დააკლდება, „სამტრედიას“ კი, ბაკარ ბალდე და ლაშა კასრაძე ვერ დაეხმარებიან.

ფოტო - www.fcdinamo.ge