კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | 30-ე ტურის პრევიუ

ეროვნული ლიგის მორიგი, 30-ე ტურის მატჩები 18-19 ოქტომბერს გაიმართება. 

18 ოქტომბერს ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „სამტრედია“ და ბათუმის „დინამო“ შეხვდებიან. მიმდინარე სეზონში გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. სამტრედიელები საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან, ბათუმელები კი, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. გასული ტური ორივე მათგანისთვის წარმატებული გამოდგა. „სამტრედიამ“ სტუმრად ანგარიშით - 2:1 საჩხერის „ჩიხურა დაამარცხა და ლიდერთა სამეულში ადგილი განიმტკიცა. ბათუმის „დინამომ“ კი, საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით - 1:0 იმარჯვა.

ამავე დღეს ბათუმის „რაგბი არენაზე“ ქობულეთის „შუქურა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. ქობულეთელებს ეროვნულ ლიგაში დარჩენის მიზერული შანსი აქვთ და ამ მიზნის მისაღწევად მათ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენება სჭირდებათ. თავისმხრივ ბოლო ტურებში ზედიზედ სამი მარცხის შედეგად საჩხერლები გადათამაშების ზონას მიუახლოვდნენ. სიტუაციის გამოსასწორებლად კი, იმერულ კლუბს მოახლოვებულ შეხვედრაში მოგება სჭირდება.

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 19 ოქტომბერს ჩატარდება.

მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე თბილისურ დერბიში ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან. გუნდები უშუალო კონკურენტები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ლოკო 48 ქულით მეოთხე ადგილზეა, საბურთალოელებს კი, 46 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ. აღსანიშნავია, რომ პრინციპულ დაპირისპირებას ორივე მათგანი კარგ ფორმაში ხვდება. უკანასკნელი ხუთ შეხვედრიდან „ლოკომოტივმა“ სამი მოიგო და ორი წააგო. „საბურთალომ“ კი, ხუთიდან ოთხის მოგება მოახერხა და ერთ შეხვედრაში დამარცხდა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფოთის „კოლხეთი“ საკუთარ ქალაქში ბრუნდება და ქუთაისის „ტორპედოს“ „პარკი არენაზე“ უმასპინძლებს. სატურნირო თვალსაზრისით ფოთელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის საკუთარ კედლებში დაბრუნება შესაძლოა მათთვის გადამწვეტი აღმოჩნდეს. აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ტორპედოსთვის“ არანაკლებ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია კახა ჩხეტიანი გუნდმა სტუმრად სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. მითუმეტეს, რომ იმერული კლუბმა მომავალ მეტოქეს მიმდინარე სეზონში გამართული სამი შეხვედრიდან ორი მოუგო და ერთი ფრედ ითამაშა. 

30-ე ტური გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდება, სადაც ადგილობრივი „დილა“ გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ მიიღებს. გორული და თბილისური კლუბების დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ორი გუნდის მონაწილეობით გამართული მატჩები კიდევ უფრო საინტერესო გახდა. უკანასკნელი 4-5 სეზონია „დილა“ დინამოელთათვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა და დედაქალაქურ კლუბს გორელებთან თამაში ყველაზე მეტად უჭირს. მომავალი შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „დინამო“ უახლოეს მდევარ ქუთაისის „ტორპედოს“ მხოლოდ ოთხი ქულით უსწრებს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ კახა კაჭარავას გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. თავისმხრივ მოგება ძალიან სჭირდება „დილას“. გორელთა მთავარი მიზანი ეროვნულ ლიგაში დარჩენაა, ამისთვის კი, გიორგი დარასელიას გუნდს როგორც მინიმუმ, ბათუმის „დინამოსთან“ ორქულიანი უპირატესობის შენარჩუნება სჭირდება.