კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

შაბათი, 6 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა

22, 23 და 24 სექტემბერს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. 

ტურის პირველ შეხვედრას სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. შავიზღვისპირა დერბიში ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. უშუალო კონკურენტთა დაპირისპირება ბათუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება პირველი ნახევრის ოთხ წუთიან მონაკვეთში მოახერხა. 28-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ოთარ მარცვალაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 32-ეზე კი, საკუთარი გოლი იაროსლავ კვასოვმა გაიტანა შეხვედრის ბედი ფაქტიურად გადაწყვიტა. დარჩენილ დროში თამაში „დინამოს“ კარნახით მიმდინარეობდა და აჭარლებს შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება არ გასჭირვებიათ. 

საინტერესო გამოდგა თბილისის „საბურთალოსა“ და ქობულეთს „შუქურას“ შეხვედრა. მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში სრულ უპირატესობას საბურთალოელები ფლობდნენ, მეორეში კი, ქობულეთელებმა თამაშის გამოსწორება შეძლეს და მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. „საბურთალომ“ კომფორტული უპირატესობის მოპოვება მატჩის საწყის წუთებში შეძლო. მე-2 წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრიერიში გიორგი ხარაიშვილმა განავითარა და ლაშა შინდაგორიძეს კარგი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი, ერთი შეხებით მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაიტანა. მე-8 წუთზე თავად ხარაიშვილმა გაიტანა. კაპიტანმა შორეული საჯარიმო დარტყმით აიღო გიორგი სომხიშვილის კარი. საბურთალოელებმა მალევე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მე-14 წუთზე ლუკა ლაკვეხელიანის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ე.წ მაკრატელა დატყმით გაგი მარგველაშვილმა გაიტანა. მიუხედავად დიდი ანგარიშთ მარცხისა, მეორე ნახევარში „შუქურა“ მოედანზე კარგი განწყობით გამოვიდა და პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია. შეტევებმა შედეგი 48-ე წუთზე გამოიღო. ალექსანდრე გურული შესრულებული საჯარიმო დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა შემდეგ კი, ლაზარე კუპატაძის ხელიდან შევარდა კარში. გოლის შემდეგ გიორგი შაშიაშვილის გუნდმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტია და 65-ე წუთზე რომან ჩაჩუას ზუსტი დარტყმის წყალობით სხვაობა ერთ ბურთამდე შემცირდა. დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და „საბურთალომ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.

დამაჯერებლად იმარჯვა თბილისის „ლოკომოტივმა“. ლოკომ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ, საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, ვატო არველაძემ შეტევის მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა, მცველს გასცდა და გამჭოლი გადაცემით ირაკლი სიხარულიძეს გაატანინა. თამაში თბილისელთა უპირატესობით გაგრძელდა და 22 წუთზე დიასამიძე-გოროზიას კომბინაციის წყალობით ირაკლი სიხარულიძემ დუბლი შეასრულა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში საჩხერელებიც გააქტიურდნენ და მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა. მეორე ტაიმიც „ჩიხურას“ აქტიურობით დაიწყო, კარგი მომენტები ჰქონდათ მიშიკო სარდალიშვილსა და შოთა კაშიას, მაგრამ ორივე შემთხვევაში რევაზ თევდორაძემ მოახერხა ბურთს მოგერიება. საბოლოოდ საჩხერელთა აქტიურობამ შედეგი არ გამოიღო და გოლი კვლავ „ლოკომოტივმა“ გაიტანა. 55-ე წუთზე, გიორგი დიასამიძემ საკუთარი გუნდის შეტევა წამოიწყო და შორეული დარტყმით თავადვე დააგვირგვინა. ამ გამარჯვებით ლოკომ 45 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. 

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გორის „დილამ“. გორელებმა საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. თამაში ორივე გუნდმა აქტიური შეტევებით დაიწყო და მაყურებელმა თავიდანვე საინტერესო სანახაობა იხილა. გორელები აქცენტს სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ტაქტიკამ სრულად გაამართალა. მე-11 წუთზე ლევან ნონიკაშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ სამტრედიელებმა საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ შეძლეს, რითაც დათო კირკიტაძემ ისარგებლა და ომარ მიგინეიშვილს აუღებელი დაურტყა. გაშვებული გოლის შემდეგ გია ცეცაძის გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, რითაც გორელებმა კარგად ისარგებლეს და 21-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. კირკიტაძის წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში გოლად ლევან ნონიკაშვილმა აქცია. „სამტრედიის“ მწვავე შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო და 32-ე წუთზე თავური დარტყმით ნიკა სანდოხაძემ ანგარიში შეამცირა. თამაშის სცენარი მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა, სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მასპინძლები კი, ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. საბოლოოდ „დილამ“ თავი კარგად დაიცვა და აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. 

ტური ქართული დერბით დასრულდა. ეროვნული ლიგის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივი „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამო“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ, დინამოელები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ საკუთარი თამაშის აგებას. ორივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში 62-ე წუთზე გაიხსნა, ლაშა თოთაძემ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ თბილისელები თავს კარგად იცავდნენ. საბოლოოდ კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა გათანაბრება მაინც მოახერხა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში, ლევან კუტალიას ჩაწოდების შედეგად ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. ფრის შედეგად სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის არსებული ექვს ქულიანი სხვაობა უცვლელია და ორივე მათგანი ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

27-ე ტურის მატჩებით ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. ამ დროისთვის ლიგას 58 ქულით თბილისის „დინამო“ ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებზე კი, 52 და 51 ქულით შესაბამისად ქუთაისის „ტორპედო“ და „სამტრედია“ არიან. მორიგი, 28-ე ტურის მატჩები 29-30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო: www.fctorpedo.ge