კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | იმერული დერბი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩები 25, 26 და 27 აგვისტოს გაიმართა. 

ტურის პირველ შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურა“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდა. ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გამართული უშუალო კონკურენტთა დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტები საკმაო რაოდენობით შეიქმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და აქედან გამომდინარე შეხვედრა გატანილი გოლები გარეშე 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია ორივე გუნდის მეკარეთა კარგი თამაში. ზურაბ მწყერაშვილმა და ლაზარე კუპატაძემ რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოახერხეს. 

კონკურენტების ფრით ისარგებლა თბილისის „ლოკომოტივმა“. პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში ლოკო სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა ვატო არველაძემ ტექნიკური დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. გაშვებული გოლის შემდეგ ქობულეთელები გააქტიურდნენ და 31-ე წუთზე მარსელინიოს წონასწორობის აღდგენაც შეეძლო, მაგრამ ბრაზილიელმა შემტევმა არაზუსტად დაარტყა. მიუხედავად ორივე გუნდის მრავალი მცდელობისა პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმი ანალოგიური სცენარით წარიმართა, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და გუნდები მცდელობას არ აკლებდნენ. 62-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა ეროვნულ ლიგაში მეათე გოლი გაიტანა და „ლოკომოტივს“ ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა. „შუქურამ“ სხვაობის შემცირება მალევე მოახერხა, 66-ე წუთზე ჯეფინიოს გამოზომილი გადაცემის შედეგად დავით ჩაგელიშვილმა ერთი შეხებით გაიტანა. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს ეცადნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს გოლი საკუთარ კარში მიიღეს და 1:3 დამარცხნდნენ. 83-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ დააფიქსირა. 

24-ე ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სრული ანშლაგი იყო და გუნდებმა სასურველი შედეგის მისაღწევად არაფერი დაიშურეს. საბოლოოდ „სამტრედიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს. გიორგი მჭედლიშვილის შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ ლევან კუტალია აღმოჩნდა და შემტევმა ძლიერი დარტყმით ახლო კუთხეში გაიტანა. შეხვედრა ორმხირივი შეტევებით გაგარძლედა. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე აქტიური ნიკოლოზ საბანაძე და დავით რაჯამაშვილი იყვნენ. სტუმართა მხრიდან კი, მეტოქის მცველებს ყველაზე ხშირად ლაშა კუჭუხიძე და ლევან კუტალია აწუხებდნენ. სამტრედიელთა შეტევებმა შედეგი მატჩის მიწურულს გამოიღო. გიული მანჯგალაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად საბანაძემ შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ფრით ორივე გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ლიდერ თბილისის „დინამოსთან“ ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისის „დინამო“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მატჩის მოგებს შანსი ორივე გუნდს თანაბრად ჰქონდა. ანგარიში მე-9 წუთზე თბილისელებმა გახსნეს, ლევან გეგეჭკორმა ზუსტი შორეული დარტყმით გაიტანა. სწრაფმა გოლმა მასპინძლებზე უარყოფითად არ იმოქმედა და მათ მეტოქეს აქტიურად შეუტიეს. გოლი გატანის კარგი შანსი ჰქონდა იაროსლავ კვასოვს, მაგრამ უკრაინელმა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ ანგარიში 31-ე წუთზე გათანაბრდა. ელგუჯა გრიგალაშვილმა სოლო რეიდი წამოიწყო, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში შესულმა მახვილი კუთხიდან გაიტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში კი, შეხვედრის მიმდინარეობა არ შეცვლილა და სახიფათო მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. თბილისის „დინამომ“ სამი ქულის მომტანი გოლის გატანა მატჩის უკანასკნელ წუთზე მოახერხა. შეტევის მარცხენა ფლანგზე გიორგი ჩაკვეტაძემ ეფექტური მოძრაობით მცველი ჩამოიცილა და გამოზომილი გადაცემით საჯარიმოში ბექა მიქელთაძე მოძებნა. დინამოელთა ბომბარდირის დარტყმული ლევან შოვნაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას აკაკი შუალაიამ დაასწრო და უძლიერესი დარტყმით გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით თბილისის „დინამომ“ 56 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ქუთაისის „ტორპედოსთან“ სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა. 

ტურის ბოლოს შეხვედრაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ორივე გუნდი აქტიურობდა და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მეორე ტაიმში კი, გორელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრა მათთვის სასურველი შედეგით დაასრულეს. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, საჯარიმოში შეჭრილმა ფლავიო ნუბიომ ახლო კუთხეში გაიტანა. ფოთელთა მხრიდან წონასწორობის აღდგენის კარგი შანსები ჰქონდათ ალეკსანდრ დერებჩინსკისა და გიორგი ჯანელიძეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ არაზუსტად იმოქმედეს. საბოლოო შედეგი შეხვედრის მიწურულს დაფიქსირდა. 70-ე წუთზე დათო კირკიტაძის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. 88-ე წუთზე კი, ძარიას გადაცემით თავად კირკიტაძემ აიღო მეტოქის კარი. ამ გამარჯვებით „დილამ“ ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

24-ე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა და მომდევნო, 25-ე ტურის შეხვედრები 8, 9, 10 სექტემბერს გაიმართება.

ფოტო: www.fcsamtredia.com