კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | 23-ე ტურის ანონსი

18, 19 და 20 აგვისტოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. 

18 აგვისტოს, ბათუმის „რაგბი არენაზე“ აჭარულ დერბიში ერთმანეთს ადგილობრივი „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“ დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონზში ორივე გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში ქობულეთელები იმყოფებიან. მათ მხოლოდ 11 ქულა აქვთ და ბოლო მეათე ადგილს იკავებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ორ ტურში „შუქურამ“ კარგი თამაში აჩვენა და მნიშვნელოვანი 4 ქულა მოიპოვა. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“. კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა მესამე წრე კარგად დაიწყო. საწყის ორ ტურში ბათუმელებმა 6 ქულა აიღეს, მაგრამ შემდეგ კვლავ ჩავარდნა დაეწყოთ და ზედიზედ ორ შეხვედრაში დამარცხდნენ. როგორც ხედავთ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე აჭარულ დერბიში დაფიქსირებულ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

19 აგვისტოს, ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.

თბილისის „საბურთალო“ „სამტრედიას“ დაუპისიპირდება. სამტრედიელები გასული სეზონის მსგავსად წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძვიან. თბილისელთა მთავარი მიზანი კი, ევროტურნირებზე მოხვედრაა. ორივე გუნდმა ჩემპიონატი წარმატებულად გაანაახლა და შეიძლება ითქვას, რომ მოახლოვებულ შეხვედრას ორივე კარგ ფორმაში ხვდება. აღსანიშნავია, რომ „საბურთალოს“ „სამტრედია“ უკვე ორი წელია არ დაუმარცხებია. საბურთალოელებმა მომავალი მეტოქეს ბოლოს 2015/16 წლების სეზონში მოუგეს, მას შემდეგ გამართულ ხუთ შეხვედრაში კი, ოთხჯერ დამარცხდნენ და ერთი ფრე ითამაშეს. 

საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქუთაისში. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. ზედიზედ ორ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ ტორპედოელთათვის აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგეს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ქუთაისური კლუბი ლიდერ თბილისის „დინამოს“ ექვსი ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ „სამტრედიას“ კი, მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. თავისმხრივ გამარჯვება სჭირდება „დილას“. გორელებს წარუმატებელი პერიოდი აქვთ და ზედიზედ ხუთი ტურია მარცხდებიან. ბუნებრივია ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა და გიორგი დარასელიას გუნდი 22 ქულით მერვე ადგილზეა.

ეროვნული ლიგის 23-ე ტური 20 აგვისტოს დასრულდება. 

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ფოთის „კოლხეთი“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. ფოთელები უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და მათთვის თითოეულ ქულას უდიდეს მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, რომ გასულ ტურში უშუალო კონკურენტ ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხდნენ და საქმე კიდევ უფრო გაირთულეს. „ლოკოს“ განსხვავებული მიზანი აქვს. თბილისური კლუბი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის და რა თქმა უნდა, გამარჯვება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონში, გუნდებს შორის გამართული სამი შეხვედრიდან ორი დედაქალაქელებმა მოიგეს, ერთი კი, „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა. 

23-ე ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. თბილისურ და იმერულ გუნდებს შორის გამართული მატჩები ყოველთვის საინტერესო  თამაშებით გამოირჩევა და სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. დედაქალაქელები ლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ, მაგრამ კონკურენტების კარგი ასპარეზობიდან გამომდინარე ქულების დაკარგა შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ. თავისმხრივ რთულ მდგომარეობაშია საჩხერული კლუბი. „ჩიხურა“ თბილისურ „ლოკომოტივთან“ და „საბურთალოსთან“ ერთად ევროთასებზე მოსახვედრა იბრძვის და ამ მიზნის მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება ესაჭიროება.

ფოტო: www.dinamobatumi.com