კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ლიდერის ფრე სამტრედიაში

ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. 

10 აგვისტოს, ტურის პირველ შეხვედრაში გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დამარცხდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მაგრამ შექმნილი მომენტების რეალიზება თბილისელებმა უკეთ შეძლეს და 2:0 გაიმარჯვეს. ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, ნოდარ იაშვილის დარტყმული გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას გიორგი ხარაიშვილმა დაასწრო და ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. გაშვებული გოლის შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. საბოლოო ჯამში გოლი მაინც „საბურთალომ“ გაიტანა. 80-ე წუთზე ცოტნე ნადარაიას გარღვევის შედეგად ხელსაყრელ მდგომარეობაში ირაკლი ბიძინაშვილი აღმოჩნდა და თბილისელთა ნახევარმცველს გატანა არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში გორელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „საბურთალომ“ მორიგი სამი ქულა მოიპოვა. 

11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს ადგილობრივი „ლოკომოტივი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სატურნირო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ლოკოს გამარვებით 2:0 დასრულდა. თბილისურმა კლუბმა მეტოქე პირველად 27-ე წუთზე გაუტანა. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა. მატჩი თბილისელთა უპირატესობით გაგრძელდა და ქუთაისელები ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდნენ. მასპინძელთა შეტევებმა შედეგი 74-ე წუთზე გამოიღო. ირაკლი კომახიძის ჩაწოდების შედეგად სიხარულიძემ თავური დატყმით დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ამ მომენტის შემდეგ „ლოკომოტივმა“ გადამაწყვეტი უპირტესობა მოიპოვა და გიორგი დევდარიანის გუნდი თამაშს სრულად აკონტროლებდა. 85-ე წუთზე გულშემატკივართა მხრიდან გამოხატული აგრესიის გამო შეხვედრის მთავარმა მსჯამა, გიორგი ყრუაშვილმა მატჩი შეწყვიტა. სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით კი, გუნდებმა შეხვედრის დარჩენილი დრო 14 აგვისტოს ითამაშეს. გაგრძელებულ მატჩში სტუმართა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა. 2:0 ძალაში დარჩა და „ლოკომოტივმა“ აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას 12 აგვისტოს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივი „სამტრედია“ გათამაშების ლიდერს თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა. პირველი ნახევარი იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათ შემტევებს რამდენჯერმე შეეძლოთ დინამოელთა კარის აღება. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი შეიცვალა, დედაქალაქელები უფრო გააქტიურდნენ და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ანგარიში 87-ე წუთზე გაიხსნა. ბექა მიქელთაძემ „დინამოს“ სწრაფი იერიში წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. ანტე გიის თავური გადაცემით მაკრატელა დარტყმით გურამ სამუშიამ გაიტანა. შედეგად გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს და სატურნირო ცხრილში მათ შორის არსებული სხვაობა უცვლელი დარჩა. 

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართა.

საჩხერის „ჩიხურამ“ ივანწმინდაში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში 27-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, საჯარიმოს მისადგომებიდან ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია, გადმოვარდნილი ბურთი კი, ნიკა კვანტალიანს მიუვიდა და შემტევს ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია. ბათუმელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, 28-ე წუთზე გიორგი კორიფაძის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით დიმიტრი ტატანაშვილმა გაათანაბრა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. მეორე ნახევრის სტარტზე საჩხერელებმა მაინც გაიტანეს. 49-ე წუთზე გიორგი ივანიშვილის ჩაწოდებული ბურთი ბათუმელთა მეკარის შეცდომის შედეგად პირდაპირ კარში აღმოჩნდა. მატჩის მიმდინარეობა არც ამ მომენტის შემდეგ შეცვლილა და ორივე გუნდი აქტიურად ცდილობდა შეტევას. ბათუმელთა მხრიდან გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა თემურ ჩოგაძეს. „ჩიხურას“ რიგებიდან კი, ყველაზე რეალური მომენტი პაპუნა ფონიავას შეექმნა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა პენალტი არაზუსტად შეასრულა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ჩიხურა“ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. 

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა აუტსაიდერთა დაპირისპირება. ბათუმის „რაგბი არენაზე“ ერთმანეთს ქობულეთის „შუქურა“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:2 ქობულეთელებმა იმარჯვეს. ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, გია ჩადუნელის შორეული გადაცემის შედეგად მეკარესთან პირისპირ დავით ჩაგელიშვილი აღმოჩნდა და გამოცდილმა თავდამსხმელმა ძლიერი დარტყმით გაიტანა. სწრაფმა გოლმა ფოთელებზე არ იმოქმედა და გელა სანაიას ფეხბურთელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. ჯონ მაჩარიას პასით პრაქტიკულად ცარიელ კარში არფანგ დაფემ გაიტანა. შეხვედრა ქობულეთელთა აქტიურობით გაგრძელდა და სათამაშო უპირატესობაც მათ მოიპოვეს. „შუქურამ“ უპირატესობა გოლად პირველი ტაიმშივე აქცია. ალექსანდრე გურულის მოწოდებული კუთხურის შედეგად თავური დარტყმით გია ჩადუნელმა გაიტანა. საკუთარი გოლი გურულმაც გაიტანა. 48-ე წუთზე სანდრო მარსელინიოს პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა და საკუთარი გუნდს ორბუთიანი უპირატესობა მოუპოვა. საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ დროში დაფიქსირდა. გიორგი ჯანელიძის გამოზომილი გადაცემის შედეგად თავური დარტყმით ალეკსანდრ დერებჩინსკიმ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 

ეროვნული ლიგის მორიგი, 23-ე ტურის მატჩები 18, 19 და 20 აგვისტოს გაიმართება.