კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ლოკომ წაგებათა სერია გამარჯვებით შეწყვიტა

1-2 ივნისს, ეროვნულ ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩები გაიმართა. 

ლიგის ერთპიროვნული ლიდერი, თბილისის „დინამო“ სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა. ანგარიში მატჩის სტარტზევე გაიხსნა. მე-7 წუთზე პენალტით ლევან კუტალიამ გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები გააქტიურდნენ და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. თბილისელებმა წონასწორობა მე-15 წუთზე აღადგინეს. საჯარიმოს მისადგომებიდან ბაჩანა არაბულის დარტყმული ბურთი ქობულეთელთა მეკარემ ცუდად მოიგერია და ასე აღმოჩნდა კარში. „დინამო“ მალევე დაწინაურდა. მე-20 წუთზე საკუთარ კარში რომან ჩაჩუამ გაიტანა. შეხვედრა კვლავ დინამოელთა შეტევებით გაგარძელდა და პირველ ნახევარში მათ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 28-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით საბა ლობჟანიძემ შეაგდო. მეორე ტაიმი დედაქალაქელთა აქტიურობით განახლდა. 47-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა, გიორგი კუციამ ილია სტურუას შეცდომით ისარგებლა და ერთი შეხებით დაახლოებით 30 მეტრიდან მოახერხა გოლის გატანა. ამის შემდეგ თამაშის სცენარი შეიცვალა, დინამოელები აქტიურად აღარ უტევდნენ და ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს. მათ „დინამოს“ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. 

წარუმატებელ სერიას აგრძელებს ბათუმის „დინამო“. ბათუმელებმა საკუთარ ქალაქში დაბრუნების შემდეგ საშინაო მოედანზე მეოთხე მატჩი გამართეს და მესამედ დამარცხდნენ. ამჯერად მათი მეტოქე თბილისის „საბურთალო“ გახლდათ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გავიდა. გონსალვეში-იმნაძის კომბინაცია გოლად ლაშა შინდაგორიძემ აქცია. „დინამო“ ბევრს ეცადა, კარგი მომენტები ჰქონდათ კვასოვს, შონიასა და კვანტალიანს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. აღსანიშნავია საბურთალოელთა მწვავე კონტრშეტევები. მათი მხრიდან განსაკუთრებით გიორგი ხარაიშვილი და ვაგნერ გონსალვეში აქტიურობდნენ. ასეა თუ ისე, თბილისურმა კლუბმა მძიმე ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიციები განიმტკიცა. 

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა იმერული დერბი. ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქუთაისის „ტორპედოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. შეხვედრის საწყის წუთებში საჩხერელები აქტიურობდნენ. ბესო დეკანოიძეს კარგი შანსიც მიეცა, მაგრამ შემტევმა როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. ამის შემდეგ უპირატესობა ქუთაისელებმა მოიპოვეს და მე-16 წუთზე მეტოქის კარში პირველი გოლიც გაიტანეს. გრიგოლ დოლიძის გამოზომილი ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ „ჩიხურამ“ აქტიურად შეუტია. მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება 29-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ივანიშვილის ძლიერი დარტყმა როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევები გაგრძელდა. პირველი ტაიმის მიწურულს ქუთაისელებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ თორნიკე კაპანაძეს ჰამზიჩმა აუღო. „ტორპედომ“ მეორე გოლის გატანა მეორე ნახევრის პირველივე წამებზე მოახერხა. გიორგი კუხიანიძის შორეული გადაცემის შემდეგ გრიგოლ დოლიძემ მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით დაარტყა და მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს მომენტი გადამწყვეტი გამოდგა და სტუმრებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე მორიგი ეფექტური გოლით დოლიძემ დააფიქსირა. შოთა ბაბუნაშვილის პასის შემდეგ შემტევმა გარე ტერფით დაარტყა და ბურთი შორეულ ცხრიანში გადაგზავნა. „ტორპედოსთვის“ ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო, კახა ჩხეტიანის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ლიდერ თბილისის „დინამოს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე. ადგილობრივმა „სამტრედიამ“ ფოთის „კოლხეთს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრა ორმხირი შეტევებით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. გოლები შეხვედრის სტარტზევე გავიდა. ანგარიში მე-7 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით გურამ სამუშიამ გაიტანა. ფოთელებმა წონასწორობა ორ წუთში აღდგინეს. გიორგი ჯანელიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას მიკოლა კოვტალიუკმა დაასწრო და თავური დარტყმით შეაგდო. მიუხედავად მრავალი მცდელობისა შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს.

ტურის ბოლო შეხვედრაში გორის „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. მატჩი არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა, მაგრამ გულშემატკივარმა რამდენიმე საინტერესო მომენტი მაინც იხილა. ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა. შეტევის მარჯვენა ფლანგზე ვატო არველაძემ მეტოქე ტექნიკურად ჩამოიშორა, საჯარიმოში შეჭრილი შემტევი კი, მცველმა წესების დარღვევით შეაჩერა და გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა და ლოკო დააწინაურა. გორელები გათანაბრებას შეეცადნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ და ტაიმის მიწურულს ბურთი კვლავ საკუთარ კარში მიიღეს. 44-ე წუთზე სიხარულიძემ დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარში ტერიტორიული უპირატესობა „დილამ“ მოიპოვა და „ლოკომიტივი“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. საბოლოოდ თბილისელებმა თავი კარგად დაიცვეს და ხუთ მატჩიანი წაგებათა სერია მნიშვნელოვანი გამარჯვებით შეწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ ლოკოსთან დაპირისპირება ზივ ავრაჰამ არიესთვის გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო აღმოჩნდა. ებრაელმა სპეციალისტმა მატჩის დასრულების შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და მისივე თქმით კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

მეთექვსმეტე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა და შემდგომი ტურის მატჩები 16-17 ივნისს გაიმართება.

ფოტო: www.fcloco.ge