კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

დინამომ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

20-21 მაისს, ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე აუტსაიდერთა დაიპირისპირება გაიმართა. ფოთის „კოლხეთმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა. მოლოდინისამებრ დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. მატჩი ფოთელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა გატანის შანსი ქობულეთელებსაც ქონდათ. ყველაზე რეალური მომენტები მიკოლა კოვტალიუკს, შოთა კერძევაძესა და არფანგ დაფეს შეექმნათ, მაგრამ „კოლხეთის“ ფეხბურთელებს გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე არ ეყოთ.

წაუგებელ სერიას აგრძელებ გორის „დილა“. გორელები ამჯერად თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბოლოოდ „დილას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე გავიდა. საბურთალოელთა მეკარის, ლაზარე კუპატაძის შეცდომით ლეანდრო რიბეირომ ისარგებლა, ბურთი ცარიელ კარის წინ მდგომ ფლავიო ნუბიოს დაუგორა, ბრაზილიელ შემტევს კი, ხელსაყრელი სიტუაციიდან გატანა არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში „საბურთალო“ ბევრს ეცადა, მაგრამ საქმე რეალურ საგოლე მომენტამდე არ მისულა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა. 

ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ უშუალო კონკურენტ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ქუთაისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 69-ე წუთზე გაიხსნა, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული ბურთი ბექა ქურდაძემ უხერხულად მოიგერია, ლაშა კუჭუხიძემ კი, მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულბით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომაც შეუტია. ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა გიორგი რეხვიაშვილს, მაგრამ მისი შესრულებული საჯარიმო დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. საბოლოოდ კვლავ „ტორპედომ“ გაიტანა. 85-ე წუთზე გიორგი კუხიანიძის გადაცემის შემდეგ ბექა ტუღუშმა ერთი შეხებით დაარტყა და ლოკომოტიველთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ამ გამარჯვებით „ტორპედომ“ 25 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 

ტურის ცენტრალურმა შეხვედრა მოლოდინი სრულად გაამართლა. თბილისის „დინამოსა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირება დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა. გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს. პირველ ნახევარში სრულ სათამაშო უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ და მომენტებიც ძირითადად იმერელთა კართან იქმნებოდა. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, ლაშა თოთაძის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით ბაჩანა არაბულმა გაიტანა. დედაქალაქელებმა აქტიური შეტევები განაგრძეს და 37-ე წუთზე მეორედაც გაიტანეს. გიორგი პაპუნაშვილის მოწოდებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილმა ლუკა ლოჩოშვილმა ომარ მიგინეიშვილის კარი თავური დარტყმით აიღო  და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და მათივე სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ბურთს „სამტრედია“ აკონტროლებდა, „დინამო“ კი, კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშის აგებას. სამტრედილთა აქტიურობამ შედეგი 63-ე წუთზე გამოიღო. გიორგი მჭედლიშვილმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო და სხვაობა შეამცირა. გოლმა იმერლები კიდევ უფრო გაააქტიურა და გია ცეცაძის გუნდმა დიდი ძალებით შეუტია. სახიფათო იყო დინამოელთა კონტრშეტევებიც. კარგი შანსი მიეცა ბაჩანა არაბულს, მაგრამ თბილისელთა ბომბარდირმა პრაქტიკულად ცარიელ კარში ვერ გაიტანა. სამტრედიელებმა 76-ე წუთზე გაათანაბრეს. გიორგი ბერიაშვილი გამჭოლი პასის შედეგად მეკარესთან პირისპირ გიორგი დათუნაიშვილი აღმოჩნდა და სტუმართა კაპიტანმა შორეულ კუთხეში გაიტანა. შეხვედრის დარჩენილი დრო ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ გამარჯვები გოლი დედაქალაქელებმა გაიტანეს. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ლაშა თოთაძის გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ კვლავ თავური დარტყმით ბაჩანა არაბულმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. თბილისის „დინამომ“ ამ გამარჯვებით 31 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ქუთაისის „ტორპედოს“ ექვსი ქულით უსწრებს. 

უგოლო ფრით დასრულდა მეცამეტე ტურის ბოლო შეხვედრა. ბათუმის „რაგბი არენაზე“ ერთმანეთს ადგილობრივი „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. კარგი შანსი ჰქონდა პაპუნა ფონიავას, მაგრამ ბათმელთა ნახევარმცველის დარტყმული ძელმა მოიგერია. საჩხელთაგან დიმიტრი ტატანაშვილის მომენტის გამორჩევა შეიძლება. გამოცდილი ფორვარდის დარტყმულიც ძელმა აისხლიტა. საბოლოოდ გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს და კვლავ მერვე-მეშვიდე ადგილებზე რჩებიან. 

ეროვნული ლიგის მომდევნო, მეთოთხმეტე ტურის მატჩები 23-24 მაისს გაიმართება.

ფოტო: www.fcdinamo.ge