კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

მატჩის წინ - საბურთალო მიხეილ მესხზე ტორპედოს უმასპინძლებს

საბურთალო v ტორპედო | 15 მარტი | 20:00

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ცენტრალური შეხვედრით გაიხსნება, რომელიც მიხეილ მესხი სახელობის სტადიონზე ,,საბურთალოსა“ და ქუთაისის ,,ტორპედოს“შორის შედგება. მასპინძლები ზედიზედ სამი მოგებული შეხვედრის შემდეგ  გათამაშების ცხრილს 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო სტუმრებს 6 ქულა აქვთ და  მესამე პოზიციაზე არიან.

 სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ხვალინდელი მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. მოგების შემთხვევაში დედაქალაქელთა უპირატესობა სოლიდური გახდება, ხოლო თუ ქუთაისელები მოახერხებენ გამარჯვებას  ისინი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდებიან.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის გამართული   10 შეხვედრიდან აშკარა უპირატესობა ,,ტორპედოს“ მხარესაა, რომელმაც 5 თამაშის მოგება შეძლო. მხოლოდ ორჯერ მოიპოვა გამარჯვება ,,საბურთალომ“, ხოლო ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

,,ტორპედოსთან“ დაპირისპირებაში მასპინძელთა რიგებში საკადრო პრობლემები არ არის. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც საეჭვოა ვაგნერია. გუნდში არ არიან არც დისკვალიფიცირებულები.

პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებს ხვალინდელ მატჩს კახა ჩხეტიანის გუნდიც. სტუმართა რიგებში ერთადერთი ტრავმირებული ( წინა სეზონიდან მოყოლებული) ვაჟა ტაბატაძეა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: ,,საბურთალო“ ყველა თამაშისთვის ერთნაირად ემზადება, თუმცა იქედან გამომდინარე რომ ორივე გუნდის ამბიცია მიმდინარე სეზონში ჩემპიონობაა, ხვალინდელ შეხვედრის შედეგს აქვს პრინციპული მნიშვნელობა.  კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სტარტზე სამიდან სამი თამაშის მოგება შევძელით და ჩვენი სურვილია სანაკრებო პაუზაზე ოთხი მოგებით გავიდეთ.

კახა ჩხეტიანი: "საბურთალო" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კარგი მწვრთნელი უდგას, ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. თავის მხრივ, თბილისში ჩვენც მოსაგებად ჩავდივართ, ამიტომ ხვალინდელი მატჩი სანახაობრივი უნდა გამოვიდეს. მართალია, წინა მატჩი წავაგეთ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობების მჯერა და ვიცი, რომ ხვალ მოსაგებად თავს არ დაზოგავენ. დანარჩენი კი უფლის ნებაა. "