კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | პლეი-ოფი უხვგოლიანი მატჩებით დაიწყო

30 ნოემბერს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა. 

ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა მეტოქე. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ორივე გუნდი ბევრს უტევდა და მაყურებელმა 5 გატანილი გოლი იხილა. მეორე ტაიმში კი, თამაშის ტემპი შედარებით დავარდა და სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, ჯაბა დვალმა მეტოქე გუნდის მცველების უყურადღებობით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა. მატჩი ბოლნისელთა შეტევებით გაგარძელდა და 27-ე წუთზე დვალის თავური დარტყმით „სიონის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ამის შემდეგ ბათუმელებიც გააქტიურდნენ და ასლან ბალაძის გუნდმა ტაიმის  მიწურულს წონასწორობა აღადგინა. 36-ე წუთზე ვალერიან თევდორაძის მოწოდებული კუთხურის შედეგად დავით კვირკველიას სხვაობა შეამცირა, მე-40 წუთზე კი, თავად თევდორაძემ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლნისელებმა პირველი ნახევრის მოგება მაინც მოახერხეს. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ჯაბა დვალს ბურთი ბათუმელთა მეკარისგან მიუვიდა, გამოცდილმა თავდამსხმელმა ტექნიკური თამაშით ერთი მცველი ჩამოიცილა და მოჭრილი დარტყმით ჰეტ-თრიკი შეასრულა. მეორე ტაიმში „დინამომ“ აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა „სიონი“ კი კვლავ აქტიურობდა და განმეორებით შეხვედრისთვის უკეთესი უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. მასპინძელთა მხრიდან გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ლაშა მანაგაძეს, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხამ მოიგერია. ბათუმელთა მხრიდან კი, მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება თემურ ჩოგაძეს შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა შემტევმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან დარტყმა ვერ მოახერხა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე ყველაფერს განმეორებითი მატჩი გადაწყვეტს. 

მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა ფოთის „პარკი არენაზე“ გამართული მეგრული დერბი. ფოთის „კოლხეთმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 მოიგო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. ყველაზე საინტერესო პირველი ტაიმის მიწურული გამოდგა. 36-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით ალეკსანდრ დერებჩინსიკ მარტვილელთა კარში პირველი გოლი გაიტანა. მალევე, 41-ე წუთზე მახვილი კუთხიდან მოჭრილი დარტყმით დავით ბოლქვაძემ შეძლო ზურაბ მამალაძის კარის აღება და სხვაობა ორამდე გაზარდა. ფოთელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 43-ე წუთზე კიჭი მელიავას ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით სერგეი ტრეტიაკმა გაიტანა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. მეორე ტაიმში თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა და სასურველი შედეგის დაფიქსირება ორივე გუნდს შეეძლო. თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები არაზუსტად მოქმედებდნენ და ანგარიში აღარ შეცვლილა.

ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები 3 დეკემბერს გაიმართება. მარტვილის „მერანისა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირება მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 13:00 საათზე დაიწყება. ბათუმის „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონის“ შეხვედრას კი, 17:00 საათზე „რაგბი არენა“ უმასპინძლებს.