კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | ტორპედო ლიდერს მიუახლოვდა

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მატჩები სამ დღეზე გადანაწილდა. ტურის პირველი შეხვედრები 29 სექტემბერს გაიმართა. 

ფოთის „კოლხეთმა“ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და გათამაშების ლიდერთან ფრედ 1:1 ითამაშა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. 38-ე წუთზე დინამოელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ბექა მიქლეთაძის დარტყმული კოკა სეფიაშვილმა მოიგერია. ანგარიში მატჩის მიწურულს გაიხსნა. 81-ე წუთზე იგორ ბროვკომ ნუკრი რევიშვილს ტექნიკური დარტყმით გაუტანა. დედაქალაქელებმა გათანაბრება და შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქისრება მალევე მოახერხეს. გაშვებული გოლიდან ზუსტად ორ წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი ბექა ქავთარაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთთან“ გამართული მატჩი „დინამოსთვის“ ზედიზედ მეოთხე მოუგებელი შეხვედრაა. 

უჩა სოსიაშვილის თავკაცობით „სამტრედია“ პირველ შეხვედრაში სტუმრად ქობულეთს „შუქურას“ დაუპირისპირდა. მატჩი ორმხირივი შეტევებით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრა სამტრედიელთა აქტიურობით დაიწყო და მე-19 წუთზე მათ ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ ნიკა საბანაძის 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გიორგი სომხიშვილმა მოიგერია. „სამტრედიამ“ მაინც გაიტანა, 26-ე წუთზე ქობულეთელთა კარი დავით რაჟამაშვილმა აიღო. მასპინძლებმა წონასწორბის აღდგენა მეორე ტაიმში მოახერხეს. მე-60 წუთზე ალექსანდრე გურულის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით მარსელინიომ გაიტანა. ამ მომენტიდან ზუსტად ოთხ წუთში აჭარლები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ. არბიტრმა მოედნიდან გიორგი კახელიშვილი გააძევა და „შუქურას“ კარში მეორე პენალტი დანიშნა. სტანდარტი ამჯერად ნიკა სანდოხაძემ შეასრულა, მაგრამ გოლი არც ამ შემთხვევაში გასულა. კაცნაკლულობის მიუხედავად ქობულეთელებმა თავი კარგად დაიცვეს და 87-ე წუთზე დაწინაურებაც მოახერხეს. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა გოლად კობა შალამბერიძემ აქცია. „სამტრედია“ მარცხს შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გადაურჩა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში თავური დარტყმით ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა და იმერულ კლუბს ქულა გადაურჩინა. 

28-ე ტურის მორიგი ორი შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართა. 

თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დამაჯრებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩის ბედი პირველი ნახევარში გადაწყდა. ლოკომ შეხვედრის საწყის წუთებში ორჯერ აიღო დინამოელთა კარი, ტაიმის მიწურულს კი, მესამედაც გაუტანა მეტოქეს. ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა, გიორგი რეხვიაშვილის შორეული გადაცემის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ირაკლი სიხარულიძემ მიიღო და ანატოლი ტიმოფეევს აუღებელი დაურტყა. სწრაფი გოლის შემდეგ თბილისელებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს და მე-10 წუთზე რეხვიაშვილის გადაცემით ამჯერად მამუკა კობახიძემ გაიტანა. შეხვედრის სტარტზე გაშვებულმა გოლებმა ბათუმელებზე ცუდად იმოქმედა და თამაშს სრულად „ლოკომოტივი“ აკონტროლებდა. საბოლოო ანგარიში 37-ე წუთზე დაფიქსირდა. გოროზია-სიხარულიძის კომბინაცია გოლით გიორგი დიასამიძემ დააგვირგვინა. მეორე ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ლოკომ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. 

თბილისის „დინამოს“ ფრით კარგად ისარგებლა ქუთაისის „ტორპედომ“ და უშუალო კონკურენტთან სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. ქუთაისელებმა საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლეს და 2:0 იმარჯვეს. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შედეგად ახლო მაძილიდან თავით ლევან კუტალიამ გაიტანა. თამაში ქუთაისელთა აქტიურობით გაგრძელდა საბურთალოელები კი, კონტრშეტევებზე ცდილობდნენ საკუთარი თამაშის აგებას. მეორე ტაიმის სტარტზე „საბურთალო“ კაცნაკლული დარჩა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 52-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო არბიტრმა მოედნიდან ცოტნე ნადარაია გააძევა. ტორპედოელებმა ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 78-ე წუთზე კიდევ ერთხელ აიღეს მეტოქის კარი. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გიორგი კუხიანიძემ შეასრულა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ტორპედომ“ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. 

28-ე ტურის დასკვნით შეხვედრას 1 ოქტომბერს გორის თენგიზ ბუჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივი „დილა“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გორულმა კლუბმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გავიდა. თენგიზ წიქარიძის დარტყმული ჰამზიჩმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ირაკლი ძარიამ დაასწრო და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. „ჩიხურას“ ანაგრიშის გათანაბრების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ იმერლებმა მომენტები ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ „დილამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და გადათამაშების ზონას 5 ქულით დაშორდა. 

28-ე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა და მომდევნო, 29-ე ტურის შეხვედრები 13, 14, 15 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო: www.fctorpedo.ge