ბათუმის დინამომ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა!

News

ბათუმის დინამომ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა!

გორის დილა 0:1 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი დაპირისპირება გორში თენგის ბურჯანაძის სახელობის არენაზე დილასა და თბილისის ლოკომოტივს შორის გაიმართა. გამარჯვებულის ბედი აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც თამაშის ბოლო წუთზე დავით ჯიქიამ გაიტანა. გასულ ტურში თბილისის დინამოსთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ ლოკომოტივმა ისევ მოიპოვა მნიშვნელოვანი სამი ქულა. 

23 ტურის შემდეგ გორის დილას ანგარიშზე 26 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი მე-7 ადგილზე იმყოფება. ლოკომოტივმა კი 35 ქულით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. 

ვიტ ჯორჯია 0:3 ბათუმის დინამო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა ბათუმის დინამომ, რომელმაც 23-ე ტურში გასვლაზე  გათამაშების აუტსაიდერი ვიტ ჯორჯია დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო მთელი შეხვედრა ბათუმელების სრული უპირატესობით წარიმართა. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში მე-10 წუთზე ჯამბულ ჯიღაურის მიერ გატანილი სადებიუტო გოლით გახსნეს. 27-ე წუთზე ორამდე უპირატესობა ვლადიმერ დვალიშვილმა გაზარდა. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში გატანილი გოლით თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა. 

ამ დროისთვის ვიტ ჯორჯია 15 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება. 43 ქულა დაუგროვდა ბათუმის დინამოს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.